მამუკა მდინარაძე მანიპულაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მანიპულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პროცესი უფრო მკაცრდება.
„ამ ქვეყნის მოქალაქეებს შემოსვლა შეეძლოთ ჩვეულებრივად და არის გამკაცრებული. ამაზე გაავრცელა შსს-მ განცხადება. მე როგორც ვიცი აქ საუბარი იყო რეგულაციის ცვლილებაზე გამკაცრების მიმართულებით. მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი პრინციპი, რომ ასეთ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ვურჩევ ყველას. თუ უნდათ რომ ოდნავ მაინც ნდობა დაიმსახურონ საკუთარი მოქალაქეების – ემსახურონ საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება.