ლაშა ხუციშვილი – ბიუჯეტის შესრულებაზე: დაახლოებით, ათი წელია ფინანსთა სამინისტროს არ შეუცვლია აღრიცხვის სისტემა – შესაბამისად, უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.

„ბიუჯეტი სრულდება იმ მოცულობით და იმ ფორმით, რაც არის დაგეგმილი. ასევე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, განმარტება გავაკეთოთ გადასახადის გადახდასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით, ათი წელია ფინანსთა სამინისტროს არ შეუცვლია აღრიცხვის სისტემა, რომელიც გადასახადების აღრიცხვას ასახავს ბიუჯეტში. შესაბამისად, ნამდვილად უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც რატომღაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებენ. ათი წელი ნამდვილად  საკმარისია იმისათვის, რომ შეისწავლო ბიუჯეტის აღრიცხვის სისტემები. ასე რომ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ასევე განმარტებას გავაკეთებ რომ „სხვა გადასახადების“ მუხლი, რომელიც არის ბიუჯეტში და სადაც აღირიცხება შემოსული თანხები, ეს არ არის წინსწრებით გადახდილი თანხები. ეს არის ის თანხები, როდესაც გადამხდელს ვალდებულება აქვს გადასახადის გადახდის, ხოლო შემდგომ აქვს დამატებით მიცემული გარკვეული პერიოდი – მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, რომ მოახდინოს მისი დეკლარირება და სწორად შეავსოს დეკლარაცია. საუბარია იმ გადასახადებზე, რომელიც იბეგრება გადასახადის წყაროსთან. მაგალითად, ესაა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი. შემდგომ, როდესაც დეკლარაციები ბარდება მომდევნო თვის 15 რიცხვში, ბუნებრივია, ეს თანხები მიიმართება კონკრეტულად დეკლარაციაში დაფიქსირებულ გადასახადში. შესაბამისად, ეს არის ის პერიოდი, როდესაც გადახდასა და დეკლარირებას შორის თანხა ხვდება „სხვა გადასახადების“ ანგარიშზე და შემდგომ გადამისამართდება შესაბამის ანგარიშზე. რეალურად არის რეფორმა, რომელიც საქართველომ განახორციელა. ერთიანი გადახდის ანგარიშის სისტემის რეფორმა წარმატებით ხორციელდება თითქმის ათი წელია. შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგებზე ათი წლის თავზე კითხვების დასმა, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე ტიპის გაუგებრობა. ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როდესაც ბიუჯეტი სრულდება 102%-ით, იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ამ დეზინფორმაციას დიდი ხნის სასიცოცხლო პერიოდი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მეოთხე წელია მსოფლიოში არის ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. შესაბამისად, ყველა ის თანხა, ყველა ის ანგარიში, რომელიც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული ონლაინ რეჟიმში ავტომატურად, შესრულებისთანავე ქვეყნდება, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამ ნაწილში კითხვის ნიშნები ნამდვილად ვერ იქნება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები