1 მაისს სიღნაღში „ვანოს საღამო“ გაიმართება

1 მაისს, ვანო სარაჯიშვილის 146 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სიღნაღში „ვანოს საღამო“ გაიმართება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დღით, ქალაქი სიღნაღი, საქართველოს ბულბულად წოდებული, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, ვანოს ტკბილი ჰანგებით აივსება, იქნება საზეიმო განწყობა, მეწარმეები ხელნაკეთი ნივთების, ღვინის და სხვადასხვა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ, განთავსდება კვების ობიექტები.
მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ტრადიცია სიღნაღს ახლო წარსულში ჰქონდა. 1967 წლიდან 2001 წლამდე ყოველ მაისს სიღნაღელები „ვანოობას“ საზეიმოდ აღნიშნავდნენ. აქ არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში კონცერტი იმართებოდა, რომელსაც სათავეში სანდრო მირიანაშვილი ედგა. სიღნაღს სტუმრობდნენ ოპერის მომღერლები, კონსერვატორიის სტუდენტები, კვარტეტები და ანსამბლები. ეს დღე სიღნაღისთვის ნამდვილი სახალხო დღესასწაული იყო.
„ჩვენი მიზანია ამ ტრადიციის აღდგენა და უფრო მეტად გაფართოება, რასაც ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს მემორანდუმი, რომელიც 1 მაისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სკვერში, მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის გაფორმდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდება.
ვანოს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სიღნაღში შემდეგი სახის ღონისძიებები გაიმართება:
13:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სკვერში, მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის მემორანდუმი გაფორმდება.
12-დან 18 საათამდე სიღნაღის ბულვარში ხელნაკეთი ნივთების და ღვინის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
13:30 საათზე მუზეუმში სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვანო სარაჯიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენენ, რის შემდეგაც, საოპერო მომღერლების მიერ მუსიკალური ნომრები შეუსრულდება.
14:30 საათზე სიღნაღის ბულვარში ვანო სარაჯიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („ტკბილ ჰანგთა მეფე“) ჩვენება გაიმართება.
15 :30 საათზე თეატრის შენობაში ოპერის მომღერალთა და კონსერვატორიის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება.
16:30 საათზე ადგილობრივი მუნიციპალური ანსამბლ „ლაშქრულის“, და „მრავალჟამიერის“ მონაწილეობით ფოლკლორის კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები