“თბილისს მსოფლიოში აღიარებული შეფ-კონდიტერი ეწვია, ამ ვიზიტით, ფაქტობრივად, მილიონ-ნახევარმა ადამიანმა საქართველოს შესახებ უკვე შეიტყო”
მსოფლიოში აღიარებული შეფ-კონდიტერი ანტონიო ბაშური თბილისს ეწვია და მასტერკლასს ჩაატარებს – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ და გასტრონომიული ინგრედიენტების დისტრიბუტორი კომპანია, DGF AREA-ს მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ წიკლაურმა განაცხადეს.
“საქართველოში ანტონიო ბაშური გვეწვია, რომელიც ძალიან პოპულარული და მსოფლიოში აღიარებული კონდიტერია. თუ მის Instagram გვერდს ნახავთ, მილიონ-ნახევარი გამომწერი ჰყავს და ამ ვიზიტით , ფაქტობრივად, მილიონ-ნახევარმა ადამიანმა საქართველოს შესახებ უკვე შეიტყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა არის ის, რომ ასეთი ცნობილი შეფი უკვე ბიზნესმა ჩამოიყვანა, კერძოდ კი კომპანია DGF AREA-მ. ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ასეთ აქტივობებს ყოველთვის რაღაცნაირად სახელმწიფოსგან, ტურიზმის ადმინისტრაციისგან ველოდებით ხოლმე, მაგრამ როდესაც მსგავსი ღონისძიებების გამართვაში უკვე ბიზნესი ერთვება, ჩემი აზრით, გასტრონომიის განვითარებისთვის უკვე ძალიან წინ წასული ამბავია” – განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.
მარიამ წიკლაურის განცხადებით, ქართველ კონდიტრებს შესაძლებლობა ეძლევათ, კვალიფიკაცია თავისივე ქვეყანაში აიმაღლონ.
“ზოგადად გეტყვით, რომ კომპანია DGF უკვე 2009 წლიდან მსგავს ღონისძიებებს აქტიურად ეწევა, ევროპიდან ასეთი შეფ-კონდიტეტები ჩამოჰყავს, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული, ამ დონის შეფ-კონდიტრის ვიზიტი პირველია. ის 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერი გახდა და ამ წოდების მატარებელია. ჩვენი კომპანიის მიზანი, პირველ რიგში, არის ის, რომ საქართველოში საკონდიტრო მიმართულება განავითაროს, ხელი შეუწყოს. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში, ამერიკაში მსგავსი ტიპის მასტერკლასებზე აქედან წასვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ქართველ კონდიტრებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ კვალიფიკაცია თავისივე ქვეყანაში აიმაღლონ” – განაცხადა მარიამ წიკლაურმა.
„გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებაც ისაუბრა.
“არსებულმა მდგომარეობამ სექტორზე ძალიან დიდი ზეგავლენა ნამდვილად იქონია. ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, წესი შეიცვალა. თუ ადრე ჯავშნების შესახებ უფრო ადრეულად ვიცოდით, ახლა აკვირდებიან, თუ როგორი სიტუაცია და სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და ჯავშნები ამის მიხედვით კეთდება. ჩვენი დაკვირვებით , განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან. ანუ, დაკვირვების ფაზაში ვართ, რამდენად გვექნება სტაბილურობა. რაც შეეხება, ასეთ აქტივობებს: ის, რომ ასეთი ცნობილი ადამიანი გვეწვია, ამ სექტორში, ფაქტობრივად, ინფლუენსერი, უკვე აჩვენებს, რომ ქვეყანა მთლად ასე არ ინგრევა, მშვიდობა არის და შესაძლებელია, რომ ამ ქვეყანას ვესტუმროთ. ეს გასტრონომიული კუთხითაც საინტერესოა. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი მარკეტინგული აქტივობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ქვეყნის სტაბილურობა ვაჩვენოთ. სხვადასხვა ღონისძიებას ივნისშიც ვგეგმავთ, დაგეგმილია, ანონსსაც გავაკეთებთ. მოკლედ, ნელ-ნელა რაღაცნაირად არსებულ სიტუაციას უნდა მოვერგოთ. ზოგადად, ჯავშნები ქვეყანაში ნამდვილად არის, ვერ ვიტყვი, რომ გაჩერდა. გარკვეული სეგმენტისთვის წლევანდელი წელი უკეთესიც იყო, მაგრამ შევხედოთ. სტაბილურობა გარანტია იმისა, რომ ტურიზმი განვითარდეს. სხვაგვარად ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ტურიზმი თავიდან ბოლომდე სტაბილურობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება, სიმშვიდე იყოს. პოლიტიკურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა, წინა ზამთარი უკეთესი უნდა გვქონოდა. მოლოდინი და იმედი გვაქვს , რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს”- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.