ტრამპი რომში ზელენსკისთან შეხვედრას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა რომში, სადაც ორივე ლიდერი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე მიემგზავრება. ტრამპის სიტყვები პარასკევს, 25 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო DPA-მ გაავრცელა.
„ეს შესაძლებელია“, – უპასუხა ტრამპმა რომში ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას.
ერთი დღით ადრე, უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეთანხმების მისაღწევად „საკუთარი ვადა“ აქვს.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფი იყოს. გვაქვს ვადა. ამის შემდეგ ჩვენ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება“, – თქვა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ვადებზე საუბრობდა.
„წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. ჩვენ უზარმაზარ ზეწოლას ვახდენთ რუსეთზე“, – უპასუხა ტრამპმა კითხვას, თუ რა დათმობებს ელის კრემლისგან.
„ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის კონტროლის შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა“, – დასძინა ტრამპმა.
ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მოსკოვთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები ჩაატარა და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების დადებასთან“.