მამუკა ბახტაძე: ჩვენ ამომრჩევლებს შევუქმენით თავისუფალი არჩევანის პირობები, ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას
გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სპორტის სასახლეში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ საარჩევნო პროცესში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დისონანსი შეიტანოს.
მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი საარჩევნო გარემო ჰქონდეთ.
„ყველა არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ, გამორჩეული იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს არჩევნების შედეგებისადმი ნდობა. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. წინასაარჩევნოდ ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი საარჩევნო გარემო ჰქონდეთ. ჩვენ ამომრჩევლებს შევუქმენით თავისუფალი არჩევანის პირობები, ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას და პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის არჩევანს”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.