ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
ზესტაფონში, საქართველოს სახალხო არტისტისა და ლეგენდარული მსახიობის, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმში, თვეზე მეტია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, ეზოში დამხმარე ნაგებობაც შენდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ და უშანგი ჩხეიძის ოჯახის წევრებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
“მადლობელი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების, რომელმაც გამოყო სახსრები, რათა სახლ-მუზეუმს რემონტი სრულფასოვნად ჩატარებოდა. რაც მთავარია მისი ძველი იერსახე ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ეზოში, იქ, სადაც ადრე ბუხრის ოთახი იყო, დამხმარე ნაგებობა შენდება და შესაძლებლობა გვექნება უფრო ღირსეულად ვუმასპინძლოთ მუზეუმის სტუმრებს”, – აღნიშნა უშანგი ჩხეიძის ძმისშვილმა, ქალბატონმა ნანა ჩხეიძემ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის თქმით, ამ ადგილზე ზრუნვით, ისინი პატივს მიაგებენ წარსულს და მომავალს.
“ეს არის ადგილი, რომელზე ზრუნვითაც ჩვენ პატივს მივაგებთ წარსულს და ამასთანავე, ჩვენს მომავალს. ჩვენი მიზანია, მუზეუმი იყოს რაც შეძლება ცოცხალი და ახალგაზრდებს უხაროდეთ აქ მოსვლა. დღეს დავათვალიერეთ სამუშაოები. იმედი გვაქვს დროულად დავასრულებთ ამ კეთილ საქმეს და 28 ნოემბერს, დიდი უშანგის დაბადების 120 წლის იუბილეს ღირსეულად შევხვდებით”, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
სარემონტო სამუშაოებს კომპანია “კოლხა 2014” ასრულებს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.