დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია ,,პრომეთეა ვოიაჟის’’ წარმომადგენელი მარიამ პაპუნაშვილი.
„ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა, შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს გავაცნოთ საქართველოს სამოგზაურო მიმართულება, რომ თავიანთი პროდუქტების სიაში დაამატონ ჩვენი ქვეყანა და შესთავაზონ კლიენტებს. ეს გამოფენა კარგი საშუალებაა კომპანიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის“, – განაცხადა მარიამ პაპუნაშვილმა.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.