მიხეილ დუნდუა: მთავრობის ეფექტურობის ინდექსში საქართველომ შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 35-ე პოზიციამდე დაწინაურდა
საქართველომ მთავრობის ეფექტურობის ინდექსში შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 35-ე პოზიციამდე დაწინაურდა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას, ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე კარგი შედეგი დააფიქსირა კორუფციის კონტროლის მიმართულებით, სადაც ცხრა საერთაშორისო შემფასებლიდან შვიდმა საქართველო გაიყვანა გამოკვლეული ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ან ევროპის საუკეთესო ოცეულში. მეტად მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველო აგრძელებს დამაჯერებელ წინსვლას, როგორც კეთილსინდისიერების, ისე მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის კეთილდღეობაში აისახება“,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.