ამერიკული აუდიტორული კომპანია: არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული

ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro V&V-მ, 26 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაკვირვების და ელექტრონული არჩევნების სწორად ჩატარების შემოწმების მიზნით, არჩევნებზე დაკვირვების აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის მიზანს იმ პროცესებისა და პროცედურების დოკუმენტირება წარმოადგენდა, რომლებიც Pro V&V, Inc-მა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისობის აუდიტორული მომსახურების გაწევისას განახორციელა.

“აუდიტის ჩეკლისტში მითითებულია საარჩევნო უბანი, დაკვირვების დრო და Pro V&V-ს აუდიტის ჯგუფის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ დაკვირვებაზე. ჩეკლისტში ასევე მითითებული იყო კონკრეტული შემოწმებები და ინტერესის ობიექტები. გათვალისწინებული იყო ამომრჩეველთა სიის სწორად ჩვენების გადამოწმება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ხმის მიცემის აპარატების მოწყობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის ჩვენება, მაქსიმუმ სამი ამომრჩევლის შესვლისა და გასვლის დრო, ასევე გამოუყენებელ კარებებზე დამცავი ლუქები და საკეტები და PCOS-ების რაოდენობა. დამატებით, დაფიქსირდა დაკვირვების დროს შედეგების გადაცემა და დაჯამება, ასევე დაკვირვების პროცესთან დაკავშირებული სხვა შენიშვნები“, – წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პერსონალის მიერ გამოყენებული პროცესებით და პროცედურებით თითოეული პრობლემა წარმატებით წყდებოდა, რაც ამომრჩევლებს საშუალებას აძლევდა, მიეცათ ხმა.

“Pro V&V-მ დააფიქსირა რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა, სადაც პერსონალმა სწორად იმოქმედა: 17.23 ხმის მიცემის უბანზე, დაახლოებით 13:42 საათზე, ამომრჩეველს გაუჭირდა PCOS 2-ში ბიულეტენის მოთავსება. 17.23 ხმის მიცემის უბანზე, დაახლოებით 13:42 საათზე, ამომრჩეველს გაუჭირდა PCOS 2-ში ბიულეტენის მოთავსება. ბიულეტენის მოთავსების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სკანერი უბრალოდ არ იღებდა ბიულეტენს კონვერტიდან. PCOS 1-თან მყოფმა თანამშრომელმა ამომრჩეველს შესთავაზა ბიულეტენის PCOS 1-ში მოთავსება. განმეორებითმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და სკანერმა კვლავ არ მიიღო ბიულეტენი. PCOS 1-თან მყოფმა თანამშრომელმა თავად სცადა ბიულეტენის მოთავსება, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, PCOS 1-თან მდგომმა თანამშრომელმა შეამოწმა კონვერტი და აღმოაჩინა, რომ კონვერტში ორი ბიულეტენი იდო. მიმართეს უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც გამოართვა კონვერტი ამომრჩეველს. თავმჯდომარემ ამომრჩეველს სთხოვა, დაბრუნებულიყო ხმის მიცემის კაბინაში და შემდეგ გადასცა კონვერტი და სთხოვა ერთი ბიულეტენის დაბრუნება. ამომრჩეველმა ერთი ბიულეტენი გადასცა თავმჯდომარეს, რომელმაც საჯაროდ გამოაჩინა ცარიელი ბიულეტენი და დააბრუნა VIU ტერმინალზე. შემდეგ, ამომრჩეველი მივიდა PCOS 1-თან და წარმატებით მოათავსა ბიულეტენი აპარატში.

17.24 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 13:55 საათზე, ამომრჩეველი მივიდა VIU ტერმინალთან ხმის მისაცემად. ჩაირთო „სიგნალი“, რაც ნიშნავდა, რომ მას ამ ლოკაციაზე ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. ამომრჩეველი უბნის თავმჯდომარესთან მიიყვანეს. მეორე ამომრჩეველი მივიდა იმავე VIU ტერმინალზე და „სიგნალი“ კვლავ ჩაირთო. ისიც თავმჯდომარესთან მიიყვანეს. პირველ ამომრჩეველთან დაკავშირებით, VIU ტერმინალზე მოძებნეს ინფორმაცია და გაირკვა, რომ იგი არასწორ საარჩევნო უბანში იმყოფებოდა და მიუთითეს სწორი უბნის მისამართი. მეორე ამომრჩევლის შემთხვევაში დადგინდა, რომ იგი სწორ საარჩევნო უბანზე იყო მისული. ამომრჩეველმა რეგისტრაციისთვის პასპორტი გამოიყენა, ნაცვლად პირადობის მოწმობისა და VIU-ს ოპერატორმა პასპორტის ნომერი არასწორად შეიყვანა. შემდეგ, ამომრჩეველს გადასცეს ბიულეტენი და მან მისცა ხმა. 05.56 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 17:06 საათზე, ხანდაზმული ამომრჩეველი აძლევდა ხმას ოჯახის წევრის თანხლებით. ამომრჩეველმა ბიულეტენი არასწორად შეავსო და მოითხოვა მეორე ბიულეტენი. უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენი დაკეცა, კუთხეები სტეპლერით დაამაგრა და სხვა დაზიანებული ბიულეტენების დასტაზე დადო. შემდეგ ამომრჩეველს გადასცეს ახალი ბიულეტენი და მან მისცა ხმა.

03.06 უბანზე, დაახლოებით 14:38 საათზე დაფიქსირდა პრობლემა, რომელიც ვერ გადაწყდა. Pro V&V-ს ადგილზე მყოფი ჯგუფის ყველა წევრი ვერ შევიდა უბანზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შესაბამისი სერტიფიკატები, რომლებიც მათ უფლებას აძლევდა შესულიყვნენ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე. უბნის თავმჯდომარე ტელეფონით დაუკავშირდა უცნობ პირს, თუმცა, ჯგუფის წევრებს შესვლის უფლება კვლავ არ მიეცათ“, – წერია ანგარიშში.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და ისინი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენა, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი“, – ნათქვამია ამავე ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები