ქეთევან ციხელაშვილი: რუსეთის მცდელობას, მოიპოვოს აღიარების პოლიტიკა, მხარდაჭერა არ გააჩნია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ჩასვლას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, არაერთხელ დადასტურებულია, რომ იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
ციხელაშვილის განმარტებით, ეს იყო რუსეთის წარუმატებელი მცდელობა, მიაღწიოს ამოცანას, რომელსაც ვერ მიაღწია 10 წლის განმავლობაში.
„როგორც წესი, ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამხოლოდ საქართველოს, არამედ იტალიის მხარეც ერთვება. იტალიის პოზიცია არის ძალიან ცალსახა. ხშირად ხდება, რომ ინფორმაციის არარსებობის ან ნაკლებობის გამო, პატარა დასახლებებში ამგვარი შემთხვევებია. თუმცა ეს არის ხოლმე კერძო ინიციატივა და საერთო ვერ ექნება იტალიის სახელმწიფოს პოზიციასთან, რომელიც არის ძალიან მკაფიო და ცალსახა და არაერთხელ დადასტურებული, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
​ეს იყო კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა რუსეთის მხრიდან, მიაღწიოს ამოცანას, რომელსაც ვერ მიაღწია 10 წლის განმავლობაში. არც არის მიღწევადი ამოცანა, რომ ერთგვარი აღიარების პოლიტიკა მოიპოვოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯებს ამ წლების განმავლობაში არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების გამოცხადების პოლიტიკა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში კუნძულ სიცილიაზე ჩავიდა და ქალაქ რანდაცოს მერს შეხვდა. შეხვედრაში პალერმოში რუსეთის გენერალური კონსულიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები