გიორგი ვოლსკი: ჩინეთთან ურთიერთობის თემა ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია

,,ჩინეთთან ვაჭრობა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყნებს – ლუქსემბურგსა და მალტას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს”,- ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკის” წამყვანის კითხვას, რას ფიქრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ ძალად მოხსენება ძალიან პოპულარული გახდა, რასაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტმა არგუმენტები შემატა.

ვოლსკის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის თემა მათთვის ეგზისტენციალური საკითხია.

„ჩინეთში დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი. ჩინეთთან ვაჭრობა ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყნებს – ლუქსემბურგსა და მალტას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს. ჩინეთთან ურთიერთობის თემა ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხია, რომელიც ეხება საერთოდ აზიის კონტინენტის ქვეყნების კავშირს ევროპის ბაზრებთან. არსებობს ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა ისევე, როგორც დღეს აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტაივანის პრეზიდენტი არ უნდა მოგზაურობდეს ლათინურ ამერიკაში აშშ-ის ტერიტორიის გავლით. ამ რეალობას თუ გავუსწორებთ თვალს, საქართველო დაძრახო იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩინეთთან ურთიერთობა აქვს, ის სპეკულაციაა, რომელიც ძალიან ჰგავს რუსული თემით მანიპულირებას. რაც შეეხება ირანს, გარკვეული მოცულობით სავაჭრო ურთიერთობა გაგვაჩნია არა მარტო ჩვენ, მაგრამ რეალობაში პოლიტიკური მოკავშირე არასდროს ვყოფილვართ. ამათ რატომ უხარიათ, ექსტრემისტულ ჯგუფებად ქცეულ პოლიტიკურ სუბიექტებს უსამართლო აქტი [მეგობარი აქტი], არ მესმის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები