ბოლნისში საერთაშორისო ფესტივალ “ერთიანი კავკასიის” ჩატარება 2019 წელსაც იგეგმება

ფესტივალი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის კულტურასა და ხელოვანებს აერთიანებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომავალ წელსაც ჩატარდება და სხვა მასშტაბებს მიიღებს.
“ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შერაზადიშვილს, პირველ მოადგილეს ბუბა გობეჯიშვილსა და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. “ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში წელს ჩატარებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განმარტეს, მომავალ წელს სურვილი აქვთ “ერთიანმა კავკასიამ“ მთელი რეგიონი მოიცვას. კულტურული აქტივობების გამართვა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, დიდი სურვილი და მზაობა გამოთქვა, 2019 წელს დაგეგმილი ფესტივალის ეფექტურად განხორციელებას მხარი დაუჭიროს.
“მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა სურვილი და მზაობა საერთაშორისო ფესტივალის One Caucasus-ის მომავალ წელს ბოლნისში ჩატარების შესახებ. იდეა, რომელიც ამ ფესტივალის ირგვლივ სხვადასხვა ქვეყნის მუსიკასა და ხელოვანებს აერთიანებს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ დამეგობრებასა და სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ბოლნისის თვითმმართველობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ტურიზმის განვითარების კუთხით და ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისა, რომ ბოლნისის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი ესტუმროს ბოლნისს“,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები