საყდარ-ბაბო და სასწაულები ჰერეთიდან…

საყდარ-ბაბო, – ვერა ბერიკაშვილი საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში რუსთაველის საზოგადოებასთან ერთად ჩასულმა გავიცანი. ქალბატონი ვერა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს მკვიდრია (ისტორიული შუახევი) და უკვე 9 წელია, სოფლის ეკლესიას პატრონობს. თუმცა წლების განმავლობაში უამრავი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწია შედეგს, რომ ტაძარი ამოქმედებულიყო.
საყდარ-ბაბოც იმიტომ შეარქვეს, რომ მზრუნველობას არ აკლებს სამების ტაძარს, რომელიც სოფელმა თვითონ აღადგინა. სოფელზე, იქაურ ქართველებზე და საინგილოს სალოცავების სასწაულებზე  თავად გვიამბობს. – საყდარ-ბაბოს, ვერა ბერიკაშვილის პერსონა.

– ობლად გავიზარდე, მამა – სიმონ ბერიკაშვილი, 1 წლის ვიყავი,  რომ დაიღუპა.  ხშირად დადიოდა ეკლესიაში, იქ ხან რას საქმიანობდა, ხან – რას, ზარებსაც ჩამორეკავდა ხოლმე… ომიანობის პერიოდში დავიბადე. ობლად გავიზარდე. დედაჩემიც ნაოპერაციევი იყო, გვიჭირდა, ცუდ პირობებში ვცხოვრობდით.  ზოგჯერ ტანსაცმელი, ზოგჯერაც  საკვები არ გვქონდა.
– სკოლიდან რას გაიხსენებთ…
– ისე მიყვარდა სწავლა, სკოლაში რომ მივედი, ხუთებზე დავამთავრე. წიგნებს ვკითხულობდი, მაშინ მე-10 და მე-11 კლასი სად იყო? მე-7 კლასიდან ტენქნიკუმში განვაგრძე სწავლა. შექში დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი მეაბრეშუმეობის განხრით. იქაც რომ ხუთებზე დავამთავრე, პირდაპირ გამანაწილეს განჯაში მეცნიერ-მუშაკად.  მაგრამ რომ  ვნახე, თათრებში ვერ მოვხერხდებოდი, დავტოვე განჯა და უკან გამოვბრუნდი.
ერთი წელი აქ ვიმუშავე აგრონომად, თან ღამით ვკითხულობდი წიგნებს, სწავლა და უმაღლესის დამთავრება, მასწავლებლობა მინდოდა. უცხო ენებს თაირა მასწავლებელი მასწავლიდა, რომელიც პირველად შემხვდა ჩემს ცხოვრებაში, იმისი სილამაზე, ლაპარაკი ისე მომეწონა, რომ ვამბობდი, ნაღდად ეგ უნდა ვიყო-მეთქი. და ჩავაბარე თბილისში, უცხო ენათა ინსტიტუტში, გერმანულის სპეციალობაზე.  ვისწავლე, სტიპენდიას ვიღებდი წიგნებსაც ვყიდულობდი.
პატარობიდანვე სულ მაგას ვამბობდი, ღამით გამოვდიოდი გარეთ და ღმერთს ვეხვეწებოდი,  ღმერთო, ცოტა კაპიკები მომეცი, რომ წიგნები ვიყიდო-მეთქი.  პანტას, ტყემალს ვაგროვებდი და ვყიდდი, სულ ისეთი ცხოვრება მქონდა.
შემდეგ  დავბრუნდი ჩემს სოფელში, ქოთოქლოშიც და ალიბეგლოშიც ვმუშაობდი, ბავშვებს უცხო ენას ვასწავლიდი. 1966 წლიდან ვასწავლიდი გერმანულს. 69 წელია მასწავლებლად ვმუშაობდი.
მერე გამოვიდა ბრძანება, მოხუცები აღარ შეიძლებაო, დამითხოვეს, მეც დავბერდი და წამოვედი სკოლიდან.
– რომელი წლიდან ხართ სამების ეკლესიაში?
–  ამ ეკლესიაში 2009 წელს მოვედი. ისეთი დანგრეული იყო, გული მტკიოდა, ცარიელი დანგრეული ეკლესია იყო. 2009 წელს მოვითხოვე გასაღები, მომეცით გასაღები, რომ ეკლესიაში შევიდე და სანთლები ავანთო-მეთქი. სწორედ იმ დროს დიდი ქარბუქი ამოვარდა.  გადაყარა ეკლესიის სახურავი, რად გინდა გასაღებიო, – მითხრეს, – კარები ისედაც დამტვრეულია და შედიო.
დავიწყე ტირილი, გზაზე ბიჭები დავინახე,  დავუძახე, ხმა ვუყავ ბიჭებს, კარები შეაკეთეს, შევედი და დავიწყე ტირილი, რომ დღეიდან აქ დავიწყებდი მუშაობას. ღმერთს ვუთხარი,
გემსახურები თავიდან ბოლომდე-მეთქი… და ასე იმ დღიდან დავიწყე მსახურება.
ხალხი ამომიდგა გვერდში, აბა,  მარტო რას შევძლებდი. მათ ვთხოვ ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე მხარე დანგრეულია, მეორე დღეს უკვე მუშები მოდიან და აღადგენენ.  ეს ხატები, რაც აქ არის, ხალხის შემოტანილია.  თბილისში რომ  სწავლობენ სტუდენტები, გვეხმარებიან. უჭირთ მაინც ხატს იყიდულობენ… ეკლესიაში  რვეული მაქვს, სადაც ჩამოვწერე გვარები, ვისაც სოფელში დახმარება ესაჭიროება. გაჭირვებულებს, ავადმყოფებს მანეთი რომ მივცე, უკვე კარგად ხდება ის ავადმყოფი. ძალიან ძლიერია ჩვენი ეკლესია.
რამდენისთვის გამიწევია დახმარება, მერე კიდევ დარჩენილი ფულით სამებობას აღვნიშნავთ  ხოლმე.  სამებობა მოძრავია, ხან 11 ივლისს მოდის, ხან 4-ში, წელს 4-ში მოვიდა. ჩვენი ეკლესია სასწაულმოქმედია…
– რას გულისხმობთ?
– ბავშვი  გახდა ავად და თბილისში წაიყვანეს… რა არ იღონეს მშობლებმა, ბავშვი მაინც ცუდად  იყო. მერე ლურჯი, შავი ბებერები გამოაყარა.  ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაცია, ბავშვის მამას უჭირდა და რაც შეეძლო, ყველაფერი გაყიდა. სოფელში ფულის შეგროვება დაიწყო, რომ დახმარებოდნენ. ორღობეში ვიდექი და წყალს ვავსებდი, რომ ჩემთანაც მოვიდნენ ფულზე… იმ წუთას არ მქონდა ფული, უცებ ეკლესიის შესაწირი გამახსენდა. დავუძახე, მოიცა, ეკლესიაში 4 მანეთი და 50 კაპიკი მაქვს, მოდი, მაგას მოგცემთ-მეთქი. მართლაც, მივეცი ეს ფული და ოპერაციამდე ბავშვს ბებერები გაუქრა. ბავშვი გამოჯანმრთელდა, უკვე მე-6 კლასშია.
ასეთი სასწაულმოქმედია ჩვენი სამება.
– ეკლესია მოქმედი არ არის…
– სამწუხაროდ, არა, რამდენჯერ შევადგინე საბუთები, გავაგზავნე, უარს მეუბნებიან. ხან რას იმიზეზებენ, ხან – რას… სწორად არ არის შედგენილი საბუთებიო და ასეთ წვრილმანებს. ახლა ისევ ახლიდან შევადგინე წერილი ჰერეთში მოქმედი ტაძრების წინამძღვართან, მამა პეტრე ხუმარაშვილთან ერთად და ისევ გავაგზავნე. პასუხს ველოდებით.
– ქოთოქლოდან იყო პირველი ჰერელი, ვინც მოილოცა იერუსალიმი…
– ვასილ ბაბაჯანაშვილი… ის კაცი უშვილო ყოფილა. უთქვამს, წავალ იერუსალიმში, ვილოცებ…  1908 წელი ყოფილა… ერთი წელი უვლია. მისულა იერუსალიმში, სინას მთაზე ასულა, ბევრნი ყოფილან, მხოლოდ სამი კაცი ასულა… უკან მობრუნებულს სინას ტბაში  თეთრი ცხვირსახოცი ჩაუგდია და ის ცხვირსახოცი თურმე  გალურჯებულა.  მოსულა სოფელში,  აღთქმა დაუდვია, ღმერთო, სანამ ცოდვას  ჩავიდენდე, მომკალიო. დაბრუნებიდან ერთი წლის თავზე გარდაცვლილა… ის ძველ სასაფლაოზე განისვენებს…
– სოფელში წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევიცაა…
– წმინდა გიორგის ეკლესია დანგრეულია, თუმცა შიგ არის ხატები. ირგვლივ ტყეა… ტყეში  ერთი ხე რომ მოჭრა, ვერ გაიტან, გაქვავდება…  ხეს ვერ აიღებ….
კოლმეურნეობების დროს ლამაზი ხეები დაჭრეს და მანქანაზე შეაყარეს, მაგრამ მანქანა ადგილიდან ვერ დაიძრა და გადმოყარეს უკან…  სასწაულია ესეც.
– მიგრაცია ყველა სოფლის პრობლემაა… მითხრეს, რომ კახში ეს უფრო შესამჩნევია… აქაურები თუ ტოვებენ სოფელს?
– ჩვენ მაგრები ვართ. კახის მაცხოვრებლები ყიდიან მიწებს და მიდიან. ქალაქში უნდათ. მე ხომ არ მეუბნებიან, ადე, აქედან წადიო, რაზე უნდა გავყიდო მიწა? ჩემი ნაკვეთი დე ბარდით შემოივსოს, მაგრამ დარჩეს, არ გავყიდი. თუ შემიძლია, მოვხნავ, დავთესავ, თუ არადა, მანდ იყოს. ჩემი მამაპაპის მიწაა და ვერ გავყიდი.
ტრადიციებს ვიცავთ, ნამუსს ვიცავთ. ყველანაირად სტუმართმოყვარენი ვართ, ზრდილობიანები…
ქოთოქლო ქართული სოფელია… მაგრამ დასახელება არ არის ქართული…   რა გვარები ცხოვრობენ აქ?
– ქოთოქლო მორებს ნიშნავს, ძველად სოფელს შუახევი ერქვა. 1975 წელს შევარდნაძის პეიოდში იბრძოლეს ახალგაზარდებმა, რომ ისევ ძველი სახელი დაბრუნებოდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია…  მდინარეც გვაქვს, ხევი ჰქვია…
სოფელში სულ ქართველები ცხოვრობენ – აბულაშვილები, ბერიკაშვილები, ნადირაშვილები, ბაბალაშვილები, საკნელაშვილები, კოსიაშვილები, სარდალაშვილები…
– სოფელს თუ აქვს ბიბლიოთეკა?
– სოფელს ბიბლიოთეკა არ აქვს… ბავშვებს კი წიგნები უნდათ. თბილისში წამსვლელს ვავალებ ხოლმე, რომ ბავშვებისთვის წიგნები ჩამომიტანონ. მაგალითად, ამას წინათ მათემატიკის წიგნი, სავარჯიშოები ვერსად ვიშოვე აქ. ასევე – ჩვენი ენა ქართული, გრამატიკა.
ჯილდოები…
– კორიფე პედაგოგის წარჩინებული დიპლომი მაქვს…
ოჯახი…
– უმაღლესი რომ დავამთავრე, იმ წელსვე გავთხოვდი, 24 წლის ვიყავი. 4 შვილი და 7 შვილიშვილი მყავს –  უფროსი მარიამი სამედიცინოზე სწავლობს, ნინო ფრენბურთელია, ოქროს მედალი მიიღო. შემდეგ მოდიან –  თამარი, ელენე, სალომე, გიორგი და სოლომონი.
ოჯახში ვართ შვილი და რძალი, ორი შვილიშვილი. მარტო თხილის პერიოდია ჩვენი შემოსავალი, ძროხას, ცხვარს ვინახავთ კიდევ.
–  საქართველოდან ყურადღებას გრძნობთ?
– არა… არანაირს… თუმცა მარტო ის მინდა, რომ ეკლესია გახსნან, სხვა ყურადღებსა აღარ ვჩივი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები