“ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და ეს მიზანი, ამოცანა გვაქვს დასახული ამ არჩევნების პირობებშიც”

0

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობამ შეძლო ქვეყანაში არჩევნების გაყალბების პრაქტიკის აღკვეთა.
„არასრული ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გვინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესების თობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ასეთი არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან, 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის უზრუნველყოფილი არჩევნების ასეთ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და ეს მიზანი, ამოცანა გვაქვს დასახული ამ არჩევნების პირობებშიც.
ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება, ეს იყო ასევე შეთავაზება ჩვენი კანდიდატის, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და სწორედ ასეთი სახით ტარდება ჩვენი მხრიდან ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, პასუხად სხვა რამეს ვიღებთ ოპონენტებისგან, მათი პასუხი არის ისეთი კამპანია, რომელიც ძალიან არის ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ჩამოთვალა ის ძირითადი ხარვეზები და დარღვევები, რომელიც თან სდევს წინასაარჩევნო კამპანიას და პროცესებს.
„ეს არის პირველ რიგში ჩვენი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა, სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით. ასეთი ფორმით ადგება შეურაცხყოფა ქალბატონ კანდიდატს. მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა, გადაცდომა, მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა. ხაზს ვუსვამ მცდელობას. როგორც მოგეხსენებათ, ეს ზეწოლის მცდელობა არ არის წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში არიან ძალიან ფართოდ ჩართული ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მესამე, ეს არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ და ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მოვლენა. შემდეგ, ეს არის აბსოლუტურად პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომელსაც გასცემენ ოპოზიციური კანდიდატები, შეგახსენებთ მაგალითად დაპირებას პენსიის თაობაზე, არის დაპირებები, რომლის შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს პოპულიზმიც არის ამ კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ასევე, კიდევ ერთი დარღვევა არის იმაში, რომ ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროისა და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება – საუბარია მილიონობით ლარზე, რაც არის ასევე დარღვევა და გადაცდომა. ასევე, ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, ეს ცალკე უნდა გამოიყოს. ჩვენ ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე მათთან და პერმანენტულად ხდება ინფორმაციის გაზიარება მათთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი