სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას და კომპანია „ინსტალ +“-ს 12 000-12 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა განესაზღვრათ

სიღნაღის ისტორიული გალავნის კარიბჭის იესრსახის ხელყოფისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას და ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „ინსტალ +“ -ს 12 000-12 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა განუსაზღვრა.
ჯარიმა მათ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 88 -ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,  დაეკისრათ.
როგორც კულტურული დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თვითმმართველი უწყების დაჯარიმების საფუძველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო პროექტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარმართვა გახდა, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. შპს „ინსტალ +“ თვის დაკისრებული ჯარიმა კი სამშენებლო პროექტიდან გადაცდომამ განსაზღვრა, რომლის მიხედვით კომპანიის თანამშრომლებმა თვითნებურად დააზიანეს გალავნის სხვა (პროექტით გაუთვალისწინებელი) სეგმენტები.
ამავდროულად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას 6-თვიანი ვადა მიეცემა. ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძეგლისთვის კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიყენებული ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს, რაც ისტორიული გალავნის მოცემულ მონაკვეთს სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიადგა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე უნდა უზრუნველყოს სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება, რომელიც ძეგლის რესტავრაციის მეთოდოლოგიის განსასაზღვრად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოსთან და დარგის სპეციალისტებთან შეთანხმდება. პროექტის შემუშავებამდე და სააგენტოსთან შეთანხმებამდე სიღნაღის ისტორიულ გალავანზე დაწყებული ყველა სამშენებლო სამუშაო შეჩერდება. ძეგლის სამომავლო რესტავრაციის ეტაპი კი სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება. პარალელურად, სააგენტოს რესტავრატორების მიერ მოკლე დროშივე განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაზიანების ხარისხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები