„ჩვენი თაობა საწადელს მიაღწევს“… –  17 წლის ანა ჟვანიას მომავლიდან დანახული  სოხუმი

თბილისში დაიბადა, თუმცა მშობლიურ მხარედ აფხაზეთს მიიჩნევს. მშობლებმა ომის შემდეგ დატოვეს სოხუმი და დევნილობის მძიმე ხვედრი გაიზიარეს… თავად სოხუმი ჯერ არ უნახავს, მაგრამ ამბობს, რომ უფროსი თაობა თუ ვერ მოახერხებს დაბრუნებას, მისი თაობა საწადელს მიაღწევს.
თბილისის 51-საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა და მის ბიოგრაფიაში ერთი ლამაზი ფურცელი უკვე ჩაიწერა  – 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის პირველი ქართველი მონაწილეა, ვინც ნიუიორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სკოლაში ჩაირიცხა. გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წინაშე კი ქართული ეროვნული სამოსით და საქართველოს დროშით გამოვიდა... – ანა ჟვანიას პერსონა.

– ბავშვობა, მხიარული დღეები საბავშვო ბაღში, მეგობრებთან. ბავშვობიდანვე კომუნიკაბელური ვარ და ამიტომ, ყოველთვის მიხარია ახალი ურთიერთობები.
ვიქნები მიკერძოებული, მაგრამ, მართლა საუკეთესო მშობლები მყავს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც უდარდელი ბავშვობა და ნათელი მომავალი მაჩუქეს.
– აფხაზეთი მშობლიური კუთხეა, მშობლებმა ომის შემდეგ დატოვეს…
– დავიბადე 2001 წელს თბილისში. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ იქ, მაგრამ ჩემს დედულეთად ვთვლი, რადგან მშობლებისგან ხშირად მესმის აფხაზეთის შესახებ.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  დატოვეს მშობლიური ქალაქი.
ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებიან მშობლების მეგობრები და ბავშვობიდან მესმის საუბრები ულამაზეს თეთრ ქალაქზე, უსუფთავეს ზღვაზე.
სოხუმი მრავალეროვანი ქალაქი იყო, ქართველები, ებრაელები, ბერძნები, უკრაინელები, სომხები, რუსები ამდენი წელი ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობდნენ  გვერდიგვერდ.
ხშირად გამიგია დედაჩემისგან: ჩემი სახლი, სკოლა და ქუჩა დამესიზმრაო… ვფიქრობ, ამ სიტყვებზე მეტად მონატრებას ვერაფერი აღწერს. დღემდე დედაჩემი თავისი სახლის სურათს ინახავს.
როგორი წარმოგიდგენია სოხუმი?
– ახლა რა ხდება იქ,  არის ვიცი, მაგრამ  როცა სოხუმში დავბრუნდებით, მინდა დამხვდეს განსხვავებული ქალაქი, თავისი სილამაზით, რომელიც ვერცერთ სხვა კუთხეს ვერ შეედრება.
– თბილისის 51- საჯარო სკოლის მე-12 კლასში ხართ…
– პირველი კლასიდან ვარ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა აქტივობაში. რასაკვირველია, ჩემი კლასი განსაკუთრებულად მიყვარს. თითოეული მათგანი ჩემთვის უძვირფასესია. ერთმანეთის გვერდით ვართ ყოველთვის და ვფიქრობ, სკოლაში შეძენილ მეგობრებს ვერც ერთი სხვა ვერ შეედრება.
მახსენდება ექსკურსიები. საქართველოს მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი მოვინახულეთ. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ექსკურსია ყაზბეგში (გერგეთი).
ასეთი კლასგარეშე ღონისძიებების დროს, ბავშვები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. ასეთ დროს მრავალი კურიოზი ხდება, რომელიც შემდგომ გასახსენებლად ძალიან სახალისოა.
გიფიქრიათ, ალბათ,  რა იწვევს აგრესიას მოზარდში, როცა მოსაკლავად იმეტებენ ერთმნეთს?
– ვიცოდი, რომ ასეთ კითხვას დამისვამდით, ჩემს სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, მოზარდში აგრესიას იწვევს არასწორი აღზრდა. ბავშვი თუ არის მუდმივად ბულინგის მსხვერპლი, დროთა განმავლობაში, თვითონაც ხდება მოძალადე, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც.
ოჯახს გულისხმობ?
– დიახ. მაგრამ სოციუმსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ანუ ძალადობენ ბავშვებზე ოჯახში?
– მაგას ვერ გეტყვით, ოჯახში ბავშვებზე ძალადობენ თუ არა, მაგრამ ხშირად ბავშვები ხდებიან ძალადობის მომსწრეები, იგივე მშობლებს შორის, რაც მათ ფსიქიკაზე ცუდად ისახება.
და სკოლის ფაქტორი?
–  სკოლებში უნდა იყოს ფსიქოლოგთა ინსტიტუტი, ხშირი შეხვედრები და კომუნიკაცია მშობლებთან და იმართებოდეს სხვადასხვა ღონისძიება ბულინგის თემაზე. ეგ უკვე იქნება პრევენცია და წინგადადგმული ნაბიჯი მსგავსი უბედური შემთხვევების ასაცილებლად.
მრავალ პროექტში მონაწილეობდი
– გამოვყოფდი ორ პროექტს, ნიუ-იორკში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილეობას და თბილისში „იმიტირებულ გამოძიებას“, რომელიც ჩაგვიტარდა საქართველოს პროკურატურაში.
იმიტირებულ ასამბლეაში პროკურორის როლი გქონდათ?
იმიტირებულ გამოძიებაში, პროკურორის როლი მერგო. ამ პროექტმა უფრო სიღრმისეულად გამაცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და გამოძიების პროცესი.
მინდა ვთქვა, რომ სკოლის მოსწავლეებში მსგავსი პროექტები დანაშაულის პრევენციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, პირველი ქართველი მონაწილე იყავით, ვინც ნიუიორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სკოლაში ჩაირიცხაგაეროს ასამბლეის წინაშე ქართული ეროვნული სამოსით და საქართველოს დროშით გამოხვედით. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ასამბლეაზე თქვენი გამოსვლა?
– ეს ასამბლეა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან შევეცადე საქართველოს პოპულარიზაცია. უშუალო კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და გავაცანი ჩვენი ქვეყანა, ვაჩვენე ტრადიციული ცეკვები და მოვასმენინე სიმღერები, რითიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ვიმედოვნებ, რომ სიტყვა Georgia-ს გაგონების შემდეგ გაახსენდებათ ჩვენი ქვეყანა და არა ამერიკის შტატი ჯორჯია.
მუსიკა და ქართული ცეკვა გიყვართანსამბლ ყაზბეგის“ მოცეკვავე იყავით…
– როგორც წინა ინტერვიუში ვახსენე, დავამთავრე N 12 მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით და დიდი ხნის განმავლობაში ვცეკვავდი ანსამბლ „ყაზბეგში“. მუსიკა და ცეკვა ჩემი განუყოფელი ნაწილია.
სამომავლოდ სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?
– სწავლის გაგრძელებას ვაპირებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფინანსისტობა მინდა.
რატომ? როცა მუსიკა, ცეკვა, ზოგადად ხელოვნება გიყვარს…
– სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი მათემატიკაა და ამიტომ თავიდანვე ვფიქრობდი ამ პროფესიაზე.
ჰობი?
– გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა. პროფესიონალური ცურვა…
თბილისში რას შეცვლიდით?
– არ მომწონს ქალაქში მანქანების ქაოსური მოძრაობა და დაბინძურებული ჰაერი. მომწონს ის, რომ ყოველდღე ვსარგებლობ მუნიციპალური ტრანსპორტით და მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა წესრიგდება.
როგორ წარმოგიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე?
– ვისურვებდი პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას და ნაკლებ ნეგატივს ქვეყანაში.
სამომავლო გეგმები?
– ინტენსიურად ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის. მინდა ჩავირიცხო სასურველ უნივერსიტეტში და  მაგისტრატურაში სწავლა უცხოეთში გავაგრძელო.
იმედია დაუბრუნდები საქართველოს ქვეყანას  განათლებული თაობა სჭირდება
– დიახ. ასე მაქვს დაგეგმილი.
დაიბრუნებს თქვენი  თაობა აფხაზეთს?
– ვფიქრობ, ეს კონფლიქტი ალტერნატიული, დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს და კონსენსუსის მისაღწევად ბევრია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ,   უფროსი თაობა თუ ვერა, ჩვენი თაობა საწადელს მიაღწევს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები