არჩილ თალაკვაძე: როცა “ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობოებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო

არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკეთა.
არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო სექტორს მიმართავს და აცხადებს, რომ როდესაც მათ ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი აქებთ, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებენ.

„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს.
არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.
როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.

ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები