ირაკლი კობახიძე: ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე“, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი კობახიძე შეშფოთებას გამოთქვამს, იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა იმის ნაცვლად, რომ ნიკა გვარამიას განცხადება დაეგმო, პირიქით, მის დაცვას შეეცადნენ.
კერძოდ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ბენიძის ქმედება, სადაც არსამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა გვარამიას იცავდა, უკადრებელ ქმედებად შეაფასა.
თავად კობახიძემ, ნიკა გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ქართული ფაშიზმი 2012 წელს „ჩააბარა“ და ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველოში „ფაშიზმი მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს.“
„საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური უირთიერთობების კონტექსტრში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამტავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ – ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.
როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.
ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები