კობახიძე ზურაბიშვილზე გვარამიას განცხადებას, “ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის” განცხადებას უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებას, ფაშისტური უწოდა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ გვარამიას “ისტერიული” განცხადება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” კანდიდატზე რეიტინგულია და გამარჯვებულიც სწორედ ზურაბიშვილი გახდება.
“ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამია და მისი პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს არის შექმნილი მდგომარეობა. ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინაშე ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლა აქვს იმედი, რომ მის განცხადებებს ექნება გავლენა საზოგადოების პოზიციაზე, მაგრამ საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, მაშინ, როცა ტელეკომპანიის დირექტორმა მსგავსი განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელში, აღნიშნულზე მესამე სექტორს რეაგირება არ მოუხდენია.
„საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას გვარამიას ფაშისტურ განცხადებებზე, თუმცა ეს არ მოხდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.
როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.
ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები