რობერტ სტურუა: მიუღებელია იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებენ

რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა, განაცხადა, რომ პირველად, საქართველოს პრეზიდენტი იქნება ქალი, რაც ძალიან სასიხარულოა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიუღებელია იმ პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებენ.
„ძვირფასო მეგობრებო, ვიდრე ვიტყოდე იმას, რის გამოც გამოვედი აქ, რომ ხმა უნდა მივცეთ არაჩვეულებრივ ქალს, მინდა, ბოდიში მოვუხადო სალომე ზურაბიშვილს იმ უზრდელი პოლიტიკოსების გამო, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ამ ბოლო დროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. თითქოს ქართველმა დაკარგა რაინდული სული და მე მრცხვენია ზოგჯერ. ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ მას საქართველო წარმოედგინა რაღაც იდეალურ ქვეყნად. აღმოჩნდა, რომ ეს იდეალური ქვეყანა დაამახინჯეს, უნდა ვაპატიოთ და ალბათ, თქვენ აპატიებთ კიდევაც იმ უგუნურ პოლიტიკოსებს, საშინელი სიტყვების გამო. მე უბრალოდ, მიხარია ის, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის სათავეში იქნება ქალი, რომელიც განათლებულია და განათლება მიიღო იმ ქვეყანაში, რომელიც ითვლება დიპლომატიის მშობლად და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო პოლიტიკაში.
მომბეზრდა ბოლოს და ბოლოს, არაპროფესიონალები, რომლებიც გვასხედან თავზე და რატომღაც დაჩემებული აქვთ, რომ იციან, როგორ მართონ ქვეყანა. ვინ შთააგონა მათ – მშობელმა, მეზობელმა, თუ ვინ, ვერ გაიგებთ. ყველას უნდა, იყოს ბელადი. ასე არ გამოდის, ბელადისთვისაც ბევრი რამ არის საჭირო”, – განაცხადა სტურუამ.
მისივე თქმით, შეიძლება კაცი იყოს სათავეში და არ იყოს განათლებული, მაგრამ იყოს ადამიანი. დღეს ესეც არ გვყავს. „ასეთი რამ მაქვს გაგებული, რომ როდესაც სალომე იყო მთავრობაში და წავიდა მთავრობიდან, მან თქვა, რომ ქაჯები ხართო. ძალიან მომეწონა ეს, არ ვიცი ლეგენდა თუ სიმართლე, მაგრამ მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ დაგვეუფლნენ ქაჯები, საქართველო წარმოადგენს ქაჯეთის ციხეს და ის სამი ვაჟკაცი არ ჩანს და დაე, ქალებს მივცეთ ეს უფლება. ქალბატონო სალომე, ვიცი, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვიცი ის, რომ თქვენ ისეთი ოჯახიდან ხართ, რომ საქართველო ნამდვილად, ნაღდად გიყვართ და არა ისე, რომ ელოდებიან რაღაც გამორჩენას ამ უბედური ხალხისაგან”, – განაცხადა სტურუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები