გუგული მაღრაძე: სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა გუგული მაღრაძემ და ადა მარშანიამ უკრაინაში, კიევის გლობალური სამიტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება” მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოებაში ქალების როლს ეძღვნებოდა.

სამიტმა შეკრიბა სამშვიდობო მშენებლობასა და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში ჩართული ქალი-აქტივისტები როგორც უკრაინის ყველა რეგიონიდან, ასევე ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ამ წარმომადგენლობით ფორუმში მონაწილეობას 700-მდე ადამიანი იღებდა.

ფორუმზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, ქალების როლი სამშვიდობო პროცესებში, კონფლიქტი უკრაინაში და მისი შედეგები, კონფლიქტის მოგვარების გზები და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და სხვა.

თავის გამოსვლაში ადა მარშანიამ იმ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც განსაკუთრებით ნათესაურ კავშირში მყოფი აფხაზები და ქართველები აღმოჩნდნენ კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების დროს.

გუგული მაღრაძის განცხადებით, ფორუმის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში იძულებით გადაადგილებული პირებთან დაკავშირებით შექმნილი სტრუქტურის საქმიანობით, რომლის ძალისხმევითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დევნილების მდგომარეობა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება. ფორუმზე განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალების მონაწილეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ქალები რეალურად იყვნენ წარმოდგენილი სამშვიდობო პროცესებში.

გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქალის იმ თვისებებსა და უნარებზე, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ განსაკუთრებული და აქტიური როლი შეასრულონ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებასა და, საერთოდ, მშვიდობის მშენებლობაში. ხაზგასმით იქნა აღნიშნული ის ფაქტიც, რომ დღევანდელ კონფლიქტებსა და საომარ მოქმედებებში უმეტესად იღუპებიან არა მეომრები, არამედ ქალები და ბავშვები.

„ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ თუკი ქალი ყველაზე მეტად იჩაგრება საომარი მოქმედებებისა და კონფლიქტების დროს, მაშინ მას იმის უფლებაც აქვს, რომ წარმოდგენილი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და ასევე მსოფლიოში არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში ქალები ნაკლებად არიან ჩართული. მიმაჩნია, რომ ეს ტრადიცია უნდა დავარღვიოთ”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, ქალების მთავარი იარაღი არის მშვიდობის პროპაგანდა, სამშვიდობო დემონსტრაციები, პეტიციები, გამოსვლები, რითაც ისინი მიიპყრობენ, როგორც თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებების, ისე მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას იმისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაილახოს ხელისშემშლელი ფაქტორები და სამყარო გახდეს უფრო მშვიდობიანი, სადაც ყველა ადამიანისთვის განვითარების თანაბარი პირობები და შესაძლებლობები იქნება.

ფორუმმა მიიღო მიმართვები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ასევე -რეზოლუცია შემდგომი აქტივობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები