„USAID-ის პოზიტიური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის თანამშრომლობა ძალიან აქტიურ ფაზაშია“

“ამერიკის საერთაშორისო სააგენტო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იძლევა საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს შეფასება, საყურადღებოა, რადგან USAID ჩვენ ქვეყანაში დიდი ხანია მუშაობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
„USAID-ს ამ წლების განმავლობაში უდიდესი დახმარება აქვს გაწეული საქართველოსთვის. მილიარდ ნახევარს ითვლის იმ პროგრამების მოცულობა, რომლებიც წლების განმავლობაში განხორციელებულა საქართველოში.
კვლევის შედეგებით ვლინდება ის, რომ საქართველოს აქვს მაღალი შეფასებები, ისეთ კატეგორიებში და ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ღია და გამჭირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობა, ეკონომიკური პოლიტიკა. ასევე საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მონაცემები აღემატება აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის მაჩვენებლებს. ასეთია, მაგალითად, ჩვენი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანობის თვალსაზრისით შეფასება, ასევე მაღალი შეფასებები გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის და გადასახადების ადმინისტრირების თვალსაზრისით“,- განაცხადა ტამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, აღნიშნული შეფასებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა ძალიან აქტიურ ფაზაშია. როგორც იცით, სულ ახლახანს გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა USAID-ის ხელმძღვანელთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთად ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებებით კიდევ უფრო განვითარდეს”,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები