„ჩვენი სოფელი სულით ძლიერთა ზედა სოფელია და სულაც არ გვეშინია ყელთან მომდგარი მავთულხლართების“

გორში დაიბადა და ფხვენისის  სკოლა დაამთავრა. 1992 წელს დაოჯახდა. ცხოვრობ ნიქოზში, საზღვართან 200 მეტრში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ლექსებს ბავშვობიდან წერ, ერთი კრებულის ავტორია. გამოსაცემად ამზადებს პროზაულ კრებულს ბედის მძევლებიდა ლექსების მეორე წიგნს  სინათლის საფეხურები“.
თითქმის ყველა მებრძოლის ოჯახი მოინახულა. შეაგროვა მასალა. მალე გამოვა წიგნად   და ერქმევა – ,,მე ნიქოზელი ვარ!“
140 სოფელი განადგურდა აგვისტოს ომის შედეგად.   ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ… ეს დაუსჯელი არ დარჩება –  ღვთით დალოცვილ სოფელში ვცხოვრობ და მჯერა,  დადგება  შერიგებისა და ღირსეული დაბრუნების დღე!“  – პოეტ თამარ მეტრეველის პერსონა.

– 1974  წლის 3 მაისს,  გორში დავიბადე. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ამით უბედნიერესი ვიყავი. მამა ხშირად დადიოდა მივლინებაში და კარგად მახსოვს მონატრებისა და მოლოდინის ის ბედნიერი წუთები. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ექვსი წლის ვიქნებოდი… დედა ისე გავაბეზრე ჩემი ქცევით, რომ გულმოსულმა მითხრა: – დაჯექი, თამარ, მოისვენე… ლექსი მაინც დაწერე! – მე გაოცებით შევხედე დედას და ვკითხე: – რაზე დავწერო, დედა? – დედამ დაბნეულად შემომხედა და ალბათ, რაც მოუვიდა აზრად, ის მითხრა: – ყაყაჩოზე!
დავფიქრდი. წერა არ ვიცოდი. დიდხანს ვუყურე დედას და ჩურჩულით ამოვთქვი: – ,,მე მინდა მერქვას ყაყაჩო და კაბა მეცვას წითელი“… ახლა ვფიქრობ, იქნებ ეს იყო საძირკველი ჩემი შემდგომი სულიერი ცხოვრებისა და გადარჩენისა!
ოჯახური პირობების გამო საცხოვრებლად დედულეთში, სოფელ ფხვენისში დავსახლდით. სკოლაშიც ამ სოფელში დავდიოდი. ამ სკოლაში გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოსაგონარია.
ლექსების წერა ადრეულ ასაკში დავიწყე. ხშირად ვიბეჭდებოდი რაიონულ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში.   აქტიურად ვმონაწილეობდი სასკოლო ღონისძიებებში, სხვა პოეტებთან ერთად ჩემს ლექსებსაც ვკითხულობდი… მასწავლებლებისა და ბავშვების კეთილგანწყობა დიდ სტიმულს მაძლევდა და უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი.
13  წლისა ვიქნებოდი… დედამ ჩემი ლექსების რვეული ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს მიუტანა. რედაქტორმა რამდენიმე ლექსი წაიკითხა თურმე… მერე რვეული წყრომით მიაგდო მაგიდის კუთხეში: – ამით რისი თქმა გინდათ, ან რის დამტკიცებას ცდილობთ? – მკვახედ მიუხლია  და უნიშნებია, რომ შეხვედრა დამთავრდა! დედა ნაწყენი და გულნატკენი დაბრუნდა სახლში. ყველაფერი მიამბო და ამ შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ თითქმის  7-8 წლის მანძილზე, ლექსი არ დამიწერია… თუ დავწერდი, არ მეგონა ღირებული და ვხევდი!  მოგვიანებით, შესაძლებლობა მომეცა, წამეკითხა იმ რედაქტორის ლექსები და მწარედ ვინანე, რომ მის შეფასებას მნიშვნელობა მივანიჭე!
ისევ დავიწყე წერა აქტიურად. ამჯერად რჩევას ჩემს პედაგოგს, ნიჭიერ მწერალს, თამარ გაბროშვილს ვეკითხებოდი, მისგან ვიღებდი პროფესიულ რჩევა-დარიგებებს. კავშირი მქონდა გორის მწერალთა კავშირთან. დიდ დახმარებას მიწევდა, აწ განსვენებული, მწერალი ბატონი გიორგი მახარობლიძე.
– ფხვენისის სკოლა დაამთავრეთ…
–  1991 წელს დავამთავრე სკოლა და ამავე წელს ჩავაბრე თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის კოლეჯში, მაგრამ სტუდენტური ცხოვრებით ტკბობა ვერ მოვასწარი. სამაჩაბლოში არეულობა დაიწყო. ყველა უბედურების გზა ჩვენს სოფლებზე გადიოდა.  ყოველი ღამე ინტენსიური სროლით იწყებოდა და დილით გვიკვირდა, სოფელი რომ ისევ ფეხზე იდგა! სწავლისთვის აღარავის ეცალა…

თამარ მეტრეველი და ციცინო ბაბუციძე

მამა აფხაზეთის ომში წავიდა. იქიდან ცოცხლად დაბრუნებული და გადარჩენილი ერთ თვეში ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი გახდა… მამა  მხოლოდ 44 წლის იყო! ჩვენი ოჯახის უბედურება ამით არ დამთავრებულა – ჩემი  ძმებიც,  39 წლის რომანი და 22 წლის მიშიკო, უბედური შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ.  ოჯახიც ადრეულ ასაკში შევქმენი. მივხვდი, რომ ჩემი სწავლა-განათლება დიდი ხნით გადაიდო!
ნიქოზში, საზღვართან 200 მეტრში ცხოვრობთ ოჯახით…
– ზემო ნიქოზის საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ. საკვირველია, რომ იქიდან გამოსროლილი ტყვია ჩვენს სახლს არასოდეს მოხვედრია, თუმცა, ფეიერვერკივით სულ თავზე გადაგვდიოდა ტყვიების ცეცხლისფერი წვიმა! სამაგიეროდ, ქურდობისგან არ ვიყავით დაზღვეულები – ხშირად ვკარგავდით მსხვილფეხა პირუტყვს, ფრინველს, ფუტკრის სკებს…
ომამდელი ცხოვრება ჩარჩოში იყო მოქცეული და სოფელი ჩვეული წესითა და რიგით ცხოვრობდა. აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს ფარდა გაიხსნა – ომმა სხვაგვარად დაგვანახვა ერთმანეთის სახე… სიკეთე და ბოროტება გაემიჯნა ერთმანეთს – ყველა ადამიანს ჩამოეხსნა ნიღაბი და აშკარა გახდა, ვინ რისი შემძლე და გამკეთებელია! სიკეთის მთესველი მეტია და   შემიძლია   სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენი სოფელი სულით ძლიერთა ზედა სოფელია, ზე-ყანაა, რადგან სულაც არ გვეშინია ყელთან მომდგარი მავთულხლართების და კი არ ვეცემიც, ყოველდღიურად ვმაღლდებით და ვძლიერდებით!
როგორ უნდა შერიგდნენ ქართველები და ოსები?
– შერიგება? გგონიათ, ხალხის შერიგებას დიდი დრო სჭირდება? ჩვენ ხომ რუსულ-ქართული, დასავლური პოლიტიკის მსხვერპლნი ვართ… გამიზნულად, მიზანმიმართულად მიისაკუთრა რუსეთმა ჩვენი ტერიტორია და რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა გვქონდეს დაბრუნებისა, პოლიტიკური ამინდის დაუთბობლად ეს არ მოხდება.
მიზანშეწონილად მიმაჩნია სახალხო დიპლომატიის გამოყენება, რასაკვირველია, მოდავე პოლიტიკურ  ძალებთან შეთანხმებით. 140 სოფელი განადგურდა აგვისტოს ომის შედეგად. ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ… ეს დაუსჯელი არ დარჩება –  ღვთით დალოცვილ სოფელში ვცხოვრობ და მჯერა,  დადგება  შერიგებისა და ღირსეული დაბრუნების დღე!
ნიქოზის სამედიცინო ამბულატორიაში მუშაობთ… როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ლექსების წერას?
– 2004 წლიდან ზემო ნიქოზის ამბულატორიაში ვმუშაობ. ხალხთან ურთიერთობაში დრო სწრაფად გადის… ჩემი ერთგული თანამშრომლების გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობ. მათი  თანადგომა დიდ ძალას მაძლევს! მძიმე სოფლის ცხოვრება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ყველგან შეიძლება ფერადი თავშესაფარის აგება… სამსახურშიც ხშირად ვწერ ლექსებს, მინდორშიც, ბოსტანშიც… გარშემო ისეთი ბუნებაა, მკვდარს გააცოცხლებს და ჩემი მუზაც ერთგულად დამყვება აღმა – დაღმა… გვიან ღამით, სამხედრო ტექნიკის ხმაც რომ მიწყდება,  მთვარეს ვესაუბრები ჩემი ლექსებით! ბედნიერება ხომ ერთი წამია და – მეც წამის წამებით ვარ ბედნიერი!
– დიდია მეუფე ისაიას ღვაწლი საზღვრისპირა სოფლებზე ზრუნვაში… ის თავადაც ასწავლის ნიქოზელ ბავშვებს ხატვას… მათ შორის, პატარა ნიკოლოზს…
– მიჭირს მეუფე ისაიაზე საუბარი… მეხუთე საუკუნის ტაძარია ძემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია – ჩვენი კუთხის სულიერების ქვაკუთხედი და გზაჯვარედინი! მეუფე ისა არის ამ ტაძრის წინამძღოლი.  უფლის წყალობითა და მეუფე ისაიას თავგანწირული, მუხლჩაუხრელი შრომით, ომისა და არეულობის მიუხედავად, ამ ტაძარში ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვა და სამრეკლოდან ზარების გუგუნი!
ტაძრის სიახლოვეს, მეუფე ისაიას თაოსნობით გახსნილი სამრევლო სკოლა გახდა სულის საზღვარი, რომელმაც ფასი დაუკარგა ქვიშის ტომრებით და მავთულხლართებით გადაღობილ ვითომ საზღვარს!
ამ სკოლაში ასზე მეტი ბავშვი ეუფლება მრავალმხრივ განათლებას: ცეკვას, სიმღერას, ჩრდილების თეატრის, თექაზე მუშაობის ტექნიკისა და  ანიმაციური ფილმების შექმნის ხელოვნების შესწავლას – განა ცოტაა ეს ჩამონათვალი საზღვრისპირა სოფელში?! ამ სოფლიდან არსად არ მიდიან, არავინ ტოვებს სახლებს იმის შიშით, რომ ომი დაიწყება ან შიმშილით მოკვდება…  ტაძარს მრავლი გაუმრავლა მეუფე ისაიამ, სკონას – ბავშვები, ქვეყანას – მამულიშვილები!

ნიკოლოზი – მეუფე ისაიას ნახატი

ცოდნა თავისუფლებაა და მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ამდენ თავისუფალ ბავშვს, საქართველოს და ჩვენი მამაცი სოფლის ბედნიერ მომავალს. ხატვას ასწავლის მეუფე ისაია ბავშვებს და ბავშვების პორტრეტებსაც ხატავს…
ჩემი ნიკოლოზის პორტრეტიც დახატა, რომელიც  დიდი საჩუქარია და სიხარული ჩემი ოჯახისთვის!
უკვე ხუთი წელია, რაც ჩვენს სოფელში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება!
მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ იცის ჩვენი სოფლის სახელი… ომმა ბრძოლა და პრობლემებთან ჭიდილი გვასწავლა. ჩვენს წარმატებაში და სულიერ ამაღლებაში მეუფე ისაიასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით – მამა დავით ჭიღლაძეს, მამა რაჟდენს, მამა დავით დურგლიშვილს, მამა იოანეს, მამა ანტონს…  უფალმა დალოცოს  ნიქოზიდან დაწყებული საქართველო!
– სიყვარული, სამშობლო… ფაქიზი, ლირიკული განცდების პოეტი ხარ… როგორ იწერება ლექსი?
– პოეზია ჩემი თანამგზავრია… ლექსი გულით დაგაქვს, სხეულით ატარებ… დაღვინდება, დამწიფდება და ერთ მშვენიერ დღეს, არც დაგეკითხება, ანკარა ნაკადულივით გადმოიღვრება სულიდან… კითხულობ და გიხარია, რომ ის შენი სულის გამჭვირვალე, აუმღვრეველი ნაწილია და ჩვენ გვგვანან შვილებივით!
–  ლექსების ერთი კრებულის ავტორი ხართ. რისი თქმა გინდოდა ამ წიგნით?
– ლექსების პირველი კრებული ,,უერთმანეთოდ“ ჩემს გარდაცვლილ ძმებს, რომანის და მიშიკოს ხსოვნას ეძღვნება.  ეს კრებული  ჩემი ბობოქარი ცხოვრების წლებს მოიცავს დაბადებიდან 2015 წლამდე. მკითხველისათვის მიმინდვია მისი შეფასება. ამჟამად გამოსაცემად მზად მაქვს ორი წიგნი – ,,ბედის მძევლები“ (პროზა) და ახალი ლექსების კრებული ,,სინათლის საფეხურები“.
,,ბედის მძევლების“  მთავარი გმირი ჩემი რეპრესირებული ბებოს ისტორიაა, მისი ტრაგიკული ბედია აღწერილი. ციდან მიწამდე მართალმა ქალმა დამნაშავის იარლიყით იცხოვრა ფხვენისიდან ციმბირამდე და უკან!
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გაამართლა და კომპენსაციაც გადაუხადა მორალური ზიანის მიყენებისთვის, ბებო მაინც ,,ბედის მძევლად“ დარჩა!  არ მეშინია, თუ ვიტყვი, რომ მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მეც, ბედის მძევლები ვართ, რადგან არანაკლები ტკივილი და შეურაცხყოფა გადავიტანეთ გარშემომყოფთაგან…
– ოჯახი…
– 1991 წელს დავვოჯახდი. ჩემი მეუღლე, თამაზ მეტრეველი  სოფელ ზემო ნიქოზის მკვიდრია. პროფესიით მხატვარია. დამპირდა. შენს ლექსებს დავხატავო – ვიცი, შეასრულებს პირობას! სამი შვილი გვყავს : ლაშა, ოლიკო და ნიკოლოზი. ლაშა და ოლიკო დაოჯახებულები არიან. სამი შვილიშვილი გვყავს. ვამაყობთ ჩვენი სიძით გიორგი მაჩაბელით და რძლით ლიკა ქარელით. უმცროსი შვილი, ნიკა 10 წლისაა.
– რას შეცვლიდით იქ, სადაც ცხოვრობთ, ნიქოზში?
– ჩვენი სოფელი კეთილმოწყობილია. უფლის წყალობად ის გვეყოფა რომ ჩვენს სოფელში მე-5 საუკუნის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მოქმედი ტაძარი დგას, საჯარო და სამრევლო სკოლები, კულტურის სახლი, ამბულატორია,  გამგეობის შენობა, პოლიციის განყოფულება, ,,ლიბერთი ბანკი“, რკინიგზის სადგური, საბავშვო ბაღი, თონე…
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული? – ავაშენებდი საყოფაცხოვრებო სახლს, რომელიც ძალიან გვაკლია, რადგან ვითომ წვრილმანი საქმისთვის ყოველთვის გორში გვიწევს წასვლა. სილამაზის სალონი, სამკერვალო, თერძი, ფოტოა ტელიე – ნამდვილად დაამშვენებდა ჩვენს სოფელს.
კიდევ, ომში გარდაცვლილი ბიჭების მემორიალს დავდგამდი, რომ  მათი სახელი დავიწყებას არ მიეცეს და გმირების პატივისცემა და დაფასება მაგალითი იყოს მომავალი თაობისთვის. თითქმის ყველა მებრძოლის ოჯახი მოვინახულე. შევაგროვე მასალა მათ შესახებ, რომელიც სულ მალე გამოვა წიგნად   – ,,მე მიქოზელი ვარ!“
კიდევ, შევისყიდდი მიტოვებულ სახლს და სიცოცხლეს დავუბრუნებდი – გავხსნიდი არტ სალონს, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ლიტერატურის და ხელოვნების მოყვარულებს მივიღებდით და ვუმასპინძლებდით. ფინჯანი ყავით და ჩვენებური ღვინით ხომ, წარმოგიდგენიათ, რა შემოქმედებით სასწაულებს მოვახდენდით!
– ნიქოზში უცხოელი მხატვრები გყავთ სტუმრად. ერთ-ერთმა თქვენი სტრიქონი დანგრეული სახლის კედელზე მიაწერა…
– ყოველწლიურად, სოფელ ნიქოზში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელოვანთა თხუთმეტკაციანი ჯგუფი ჩამოდის: მოქანდაკეები, მხატვრები, ანიმატორები, რომლებსაც თბილისში ჩვენი ქართველი ხელოვანები ხვდებიან და მერე ყველა ერთად სტუმრობს ჩვენს სოფელს. ისინი ქმნიან ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ნამუშევრებს, ამჯერად მხატვარმა მიშიკო სულაკაურმა სოფელში აღმოაჩინა დანგრეული სახლი. ერთადერთ გადარჩენილ კედელზე მხატვარმა ჩემი ლექსის ერთი ტაეპი წააწერა.
დიდ მადლობას ვუხდი მას ასეთი ხედვისთვის, რადგან ეს იყო სრულიად განსხვავებული საჩუქარი ჩემთვისაც და ჩემი თანასოფლელებისთვისაც.
თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ახალმა თაობამ, რამდენი რამეც არ უნდა შევცვალოთ, ავაშენოთ, გადავაკეთოთ… სიზმრად მაინც, ისევ ძველ სახლებში ვმოგზაურობთ, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ…
ქრებიან ამ სახლში
ნანახი სიზმრები…
იქვეა სიმარტოვეც,
ასვენებს მუხლებს…
დაბზარულია
დარაბებზე მუხის
ფიცრები,
ახალ ქარტეხილს
ძველი სახლი
ვეღარ
გაუძლებს…
-ჰობი…
– მწერლობის გარდა საინტერესო, ძველი ნივთების შეგროვება მიყვარს.  არ შემიძლია სიცოცხლე ყვავილების გარეშე. თავისუფალ დროს გიტარის დაკვრასაც ვახერხებ და დროებით თავს ვარიდებ ამ დუხჭირი ცხოვრების ორომტრიალს.
– ერთი დღე…
– ჩემი ერთი დღე ხან წელიწადი მგონია… უამრავი საქმე მაქვს: სამსახურში წასვლამდე ძროხა უნდა მოვწველო, რძეს მივხედო, ქათმებს საკენკი ჩავუყარო, კურდღლებს – ბალახი, ძაღლიც არ უნდა დამავიწყდეს… ჩემი ნაბოლარა ბიჭი უნდა ვასაუზმო და სკოლაში გავაცილო. ოთხ საათზე ვბრუნდები სამსახურიდან. საღამოს საქმე უფრო მეტია… სახლი, ეზო, ბაღი – ყველაფერს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება… ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
ოთხშაბათობით, სამრევლო სკოლაში დავდივარ. დირექტორთან, მამა დავითთან ერთად და  ლიტერატურის მოყვარულ ჯგუფთან ერთად ვკითხულობ ჩემს შემოქმედებას  ან რომელიმე მწერლის ნაწარმოებს. იმართება დიკუსია. ხდება აზრის გაცვლა- გამოცვლა. იქიდან ბედნიერი და დალოცვილი ვბრუნდები სახლში.
– ოცნება…
– ჩემი ოცნება მშვიდობა და გამთლიანებული საქართველოა! ჩემი ოცნებაა  განათლებული, წიგნზე შეყვარებული ნიჭიერი თაობა გაიზარდოს, უამისოდ  არ არსებობს თავისუფლება!
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, ჩვენს სოფელში აუცილებლად  გაიხსნება სამშობლოსთვის თავშეწირულთა მემორიალი და   დაწესდება მათი ხსოვნის დღე! ყოველი მებრძოლის სახელზე დაირგვება ცაცხვის ხე და ასე გაშენდება ცაცხვების ხეივანი!  სამომავლოდ… უფრო მეტ ადამიანს ვესტუმრები, წიგნებად ავკინძავ მათ დარდსა და სიხარულს  და მთელ ქვეყანას  გავაგებინებ ჩემი გმირი თანასოფლელების ამბავს!

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები