პრემიერმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მონაწილეობა მიიღო

სუამ-ის როლის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა სუამ-ი-იაპონია, სუამ-ი-ამერიკის შერთებული შტატების ფორმატების განვითარება განიხილეს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაზე, რომელიც დღეს მოლდოვაში გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორგანიზაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას.
მხარეებმა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოების, სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციისა და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და საერთო გამოწვევას. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა სუამ-ის ფარგლებში წევრი ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მეტი მობილიზების აუცილებლობას.
ყურადღება გამახვილდა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ახალ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია სუამ-ის ორი მნიშვნელოვანი დარგობრივი პროექტის, თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს თითოეულ მათგანს.
სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთქმედებასა და საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები