ეკა ბესელია ფორუმზე „ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება” სიტყვით გამოვიდა

„საკანონმდებლო ორგანოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი და მყარი საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ ბიზნესგარემო იყოს თავისუფალი, ბიზნესს ჰქონდეს განვითარების უფრო ახალი და მეტი სივრცე და ყველა წინაპირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს წარმატება საერთაშორისო არენაზე. ამისთვის, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კანონმდებლობას”,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე – „ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება” სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმზე, რომელიც „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა” და „საქმიან ქალთა გაერთიანების” ორგანიზებით იმართება, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის, როგორ პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომიტეტისთვის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია იმ მაღალი სტანდარტების და ვალდებულებების დაცვა, რომელიც საქართველოს ევროპულ სივრცეში სწრაფი ინტეგრირების გარანტიაა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და პასუხობდეს იმ საერთაშორისო გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ქმნის ბიზნესის დაცულობის გარანტიას”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2018 წლის მონაცემებით, საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის დაწყებისა და მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ლიდერ პოზიციებზეა.
ეკა ბესელიამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც შევიდა: საგადასახადო კოდექსში, მეწარმეთა შესახებ კანონში, ფასიანი ქაღალდის ბაზრის შესახებ კანონში და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც მთავრობა ამზადებს.
„ჩვენ წინასწარი კონსულტაციები გავიარეთ და ეს ახალი ცვლილებები იქნება ახალი ჟანგბადი ბიზნესისთვის, იმდენად თამამი ხედვაა შემოთავაზებული. მთლიანობაში, ხელისუფლების ხედვა ემსახურება ერთ რამეს, რომ გარემო იყოს მაქსიმალურად დაცული”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სასამართლო რეფორმის გაგრძელება, რომელიც ასევე არის იმის საფუძველი, რომ ბიზნესს ჰქონდეს მაღალი დაცვის გარანტიები.
„ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ ახალ ცვლილებებზე. მათ შორის, ეს ეხება ბიზნესდავების გადაწყვეტის უფრო სწრაფ და ეფექტიან გზებს და ყადაღის დადების მექანიზმების გამოყენების უფრო მაღალ სტანდარტებს. ეს ყველაფერი მთლიანობაში ემსახურება იმას, რომ ბიზნესგარემოს ჰქონდეს გარანტიები კანონმდებლობის დონეზე. მეორეა უკვე აღსრულების საკითხი, რომელსაც ბუნებრივია, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და პროცესს მონიტორინგს ვუწევთ სწორედ აღსრულების კუთხით”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ერთ-ერთი თემატური პანელი ეხება ქალთა მონაწილეობის გაძლიერებას ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ყოველთვის დავუჭერ მხარს იმ ინიციატივებს, რომელიც გააძლიერებს ქალთა მონაწილეობას ამ სფეროში იმიტომ, რომ ყველა კვლევის თანახმად, ეკონომიკური თვალსაზრისით ქალთა მეტი მონაწილეობა სწორედ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა”,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში” მონაწილეობას 300 დელეგატი მსოფლიო 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები