ზაზა ფაჩულიამ და შიო ხეცურიანმა საკალათბურთო გუნდი „დინამო“ შეიძინეს

„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, სპორტის, კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
აღნიშნულ კლუბს „საქართველოს ბანკი“ პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
ზაზა ფაჩულია „საქართველოს ბანკს“ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ საქართველოს ბანკს“ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტისა და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა, მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამ გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს“,- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები