ჯანდაცვის სამინისტრო: მავნე და საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ბოლო ვადად 15 ნოემბერი განისაზღვრება.
მათი ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებშია შესაძლებელი.
უწყების წარმომადგენლები კი ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდებენ ინფორმაციას რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ორგანიზაციების შესაბამისი კლასიფიკატორების შესახებ.
„რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება. ის დაწესებულებები, რომლებსაც ოთხნიშნა ან ხუთნიშნა კოდები აქვთ მინიჭებული, ვალდებულები არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ. მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისა და შესაბამისი კლასიფიკატორების ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისათვის, რეგისტრაციის წესის შესახებ ინფორმაციის მიღება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15 05) მეშვეობით.
2018 წლის პირველი აგვისტოდან, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ყველა კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, დაარეგისტრიროს საქმიანობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, შესაბამისი კლასიფიკატორის მითითებით. მწარმოებლების ნუსხა საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული.
კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციები მიზნად ისახავს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვას და პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროულ გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.
რეგისტრაციის გარეშე სამუშაოების განხორციელება არ ათავისუფლებს დაწესებულებას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები