პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს

ყირგიზეთის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-17 საშემოდგომო სესია გაიხსნა. სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიას გამართავენ.
საშემოდგომო სესია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა მიმოიხილა და ეუთოს პრინციპების დაცვის ვალდებულებებზე ისაუბრა.
როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეუთოსადმი ნდობის შემცირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ორგანიზაციის იმიჯს, არამედ იგი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფოებს შორის დიალოგის და სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის პროცესზე, რომლის მაგალითსაც საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის კონფლიქტი წარმოადგენს.
„ეუთოს გავლენის გაძლიერებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ახალი გზების ძიებას, რათა საპარლამენტო დიალოგის ფარგლებში მეტი ინკლუზიური მუშაობა წარიმართოს და ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცეთ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
საპარლამენტო ასამბლეის 300-მდე დელეგატს, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი და პარლამენტის სპიკერი, დასტანბეკ დჯუმანბეკოვი მიესალმნენ. სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენების პარალელურად, ყირგიზეთის დედაქალაქში თემაზე – „უსაფრთხოების დიალოგის ხელშეწყობა ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს გარეთ“ საპარლამენტო კონფერენცია გაიმართება.
ბიშკეკში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები