გედევან ფოფხაძე მაია ოთინაშვილის გატაცებაზე: არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს

შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რესურსი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება და საერთაშორისო რეზოლუციებში ამ ყველაფრის ასახვაა, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გედევან ფოფხაძემ ოკუპანტების მიერ 36 წლის ქალის გატაცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ხდება. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რესურსი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება და საერთაშორისო რეზოლუციებში ამ ყველაფრის ასახვაა. ამასთანავე, ხაზი იმას უნდა გაესვას, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევს და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა ხდება. არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, ერთი კონკრეტული სახელმწიფო ანკლავებს ქმნიდეს და ანკლავებზე ადამიანის უფლებებს ტოტალურად არღვევდეს. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ზეწოლა უნდა იყოს და ეს შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები