იურგენ ჰარდტი: ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს, მჯერა, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო-პოლიტიკურ სპიკერს, იურგენ ჰარდტს შეხვდა. გერმანელი დეპუტატი ორდღიანი ვიზიტით თბილისს სტუმრობს და შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მართავს.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. მან განსაკუთრებით გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი გამოყო, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა და ახალი დინამიკა შესძინა ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას. ამასთან, მინისტრმა გერმანელ დეპუტატს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და სამომავლო პრიორიტეტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. ამავე კონტექსტში დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოხატული ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრი აგრეთვე სხვადასხვა სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობაზე, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიის ფართო საზოგადოებაში.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და განაცხადა, რომ საქართველო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და გამორჩეული პარტნიორია რეგიონში. იურგენ ჰარდტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, დეპუტატმა გამოხატა მკაფიო მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან.
„ჩვენ ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რა თქმა უნდა აქვს გამოწვევები, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველო ევროპისკენ სწრაფად მიიწევს. საქართველოს მთავრობა, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას. მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება”, – განაცხადა იურგენ ჰარდტმა.
შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები აქტუალური გლობალური თემების თაობაზეც გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები