„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის პლატფორმა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს პარტნიორებს ველაპარაკო საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც მხოლოდ განვითარებაზე, მომავალზე და პროგრესზეა ორიენტირებული”
სოფიო ქაცარავა 4-6 ოქტომბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ძირითად სამუშაო თემას წარმოადგენს კონფლიქტები, უსაფრთხოების დიალოგის ხელშეწყობა წევრ ქვეყნებს შორის და ეკონომიკური კავშირები.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას შეეხება, მონაწილეებს გაუზიარებს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტების შესახებ, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის პლატფორმა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს პარტნიორებს ველაპარაკო საქართველოზე ერთი მხრივ, როგორც დიდი გამოწვევის წინაშე მდგარ ქვეყანაზე და მეორე მხრივ, ქვეყანაზე, რომელიც მხოლოდ განვითარებაზე, მომავალზე და პროგრესზეა ორიენტირებული”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფიო ქაცარავა, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს და გასული წლის სხდომებს და აქტივობებს მიმოიხილავს.