თამარ ჩუგოშვილი: ვინც დანაშაულის ჩადენაზე საუბრობს, ის უნდა მივიდეს პროკურატურაში და მისცეს ჩვენება
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც “ომეგა ჯგუფის” თემაზე შს მინისტრის და პროკურორის დაბარებას მოითხოვს საკანონმდებლო ორგანოში, განაცხადა, რომ გამოძიება შესაბამისმა უწყებებმა უნდა აწარმოონ და არა დეპუტატებმა.
ჩუგოშვილის თქმით, ის, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს მეტ ეჭვს აჩენს ბრალდებების შინაარსთან დაკავშირებით.
„სხვა ფორმატების გამოყენება ამისთვის, უბრალოდ, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ვიჭრებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის კომპეტენციაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი ხელისუფლების გამიჯვნის. თუ ჩვენ გვინდა საქმის გამოძიება, ეს გამოძიება საპარლამენტო უმცირესობამ კი არ უნდა აწარმოოს, ის ფიგურანტები, რომლებიც საუბრობენ დანაშაულის ჩადენაზე, მათ კეთილი უნდა ინებონ, მიბრძანდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები.
ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს რაღაცა სასწაული დანაშაულების ჩადენა და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ზუსტად ასეთი ქცევები აჩენს ეჭვს, რომ ამ ყველაფერში მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ის საუბრობს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.