ვასო ურუშაძე: ტაქსების გადაღებვას, შესაძლოა, 5-დან 10-წლამდე დასჭირდეს, ამაზე არც უფიქრიათ

ის გზა, რომელსაც დაადგა თბილისის მერია არის სრული კრეტინიზმი და ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ, ტაქსების რეგულაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ურუშაძე ამბობს, მერიამ ძალიან ცუდი მიმართულება აირჩია, რითაც სატაქსომოტორო სფეროში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
„თავიდანვე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არის პრობლემა და ეს უკავშირდება სატაქსომოტორო დაბალ სერვისს. პრობლემის მოგვარების ორი გზა იყო: ერთი, ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და მოხდებოდა სფეროს განვითარება , მეორე გზა იყო რეგულაციები, შეზღუდვები, რაღაც გაურკვეველი სტანდარტები, რითაც შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ მათ შევთავაზეთ ინიციატივა, რომელიც ეხებოდა მარტივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საჭირო იყო, მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო. ეს არის სატაქსომოტორო სექტორის გათავისუფლება გადასახადებისგან, რაც გამოიწვევდა ინვესტიციების ბუმს ამ სფეროში. ძალიან ბევრი ინვესტორი, კერძო ბიზნესმენი განახორციელებდა ინვესტიციას ამ სფეროში, შეიქმნებოდა ბევრი ახალი ტაქსოკომპანია. რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოპარკი შეივსებოდა ახალი ავტომობილებით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოხდებოდა სერვისის გაუმჯობესება, შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდებოდა დიდი მოთხოვნა პროფესიონალ მძღოლებზე“, – განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, ეს არის სწორი გზა და ამ გზას უნდა ირჩევდეს ქვეყანა, სადაც ეკონომიკური პრობლემებია.
როგორც ვასო ურუშაძემ განაცხადა, თუ სატაქსომოტორო სფეროში სწორი პოლიტიკა გატარდება, მილიონობით ინვესტიციის მოზიდვა, დაბალი სერვისის გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნაა შესაძლებელი.
„ჩვენ ვნახეთ საპირისპირო ნაბიჯები. დავიწყეთ გაურკვეველი ნებართვების გაცემა, ფარატინა ფურცლების, რაშიც დამატებით ტვირთად დავუწესეთ გადასახადი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებულები. შემდეგ ნაბიჯად დასახელდა ავტომობილის ფერი, რომელიც არანაირ კავშირში არაა არსებულ პრობლემებთან, ესაა მოძრაობის უსაფრთხოება, ეკოლოგიური სტანდარტი, სერვისის სტანდარტი. პროტესტის შემდეგ ვნახეთ, მერიამ განაცხადა, რომ თავად აიღებს თავზე ამ პრობლემების მოგვარებას – ეს აბსურდია. მოკვლევა არ გაუკეთებიათ, რამდენი ავტომობილია ტაქსებს შორის თეთრი, რა დრო დასჭირდება იმას, რომ ავტომობილები თეთრად გადაიღებოს. რამდენადაა მზად ინფრასტრუქტურა ამისთვის. მარტივი გამოთვლით, რაც გავაკეთეთ, შეიძლება 5-დან 10-წლამდე დასჭირდეს არსებულ ინფრასტრუქტურას იმ ავტომობილების გადასაღებად , რომელიც ტაქსის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებული. მარტივი არითმეტიკაა: დავითვალოთ, რამდენი ტაქსია ქალაქში. რეგისტრაცია გაიარა 10 000-მდე მანქანამ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, არაოფიციალური მონაცემებით, შეიძლება 40-დან 50 ათასამდე ტაქსი იყოს. მარტივად დავითვალოთ, რამდენი დრო სჭირდება ერთი ავტომობილის გადაღებვას და შემდეგ დავითვალოთ, იმ სერვისების ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, თუ რამდენი დრო დაჭრიდება იმას, რომ ეს ავტომობილები გადაიღებოს. ამაზე არც უფიქრიათ”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურების სერვისის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიითაა ნებადართული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, 200 ლარით დაჯარიმდება.
ტაქსების რეგულაციის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ის ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.
მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4-კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
„ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, მფლობელს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4- კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები,“ – განაცხადა კალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები