გოგონათა კლუბში სასწავლო წელი განახლდა

მედიაციის სახლის პროგრამა „გოგონათა კლუბში“ სასწავლო წელი განახლდა. პირველი ჯგუფის გოგონებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგე მეურნეობა „გარდენიაში“ შეხვდა. თათია ხოჭოლავა კლუბის წევრებს პროგრამის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
პროგრამა „გოგონათა კლუბი” მეოთხე წელია მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია 14-18 წლის გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებსა და არაფორმალურ გარემოში წარმატებულ ქალებთან შეხვედრებს.
ტრენინგისა და შეხვედრების ძირითადი სამუშაო თემებია – საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მნიშვნელოვნების დანახვა, პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების ძიებაში დახმარება. პროგრამის თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები