გიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეგულაციებზე მერის ინიციატივა ეფექტიანი, სწორი, რეალური და განხორციელებადია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ტაქსების უფასოდ გადაღებვას და უფასო ქიმწმენდის სერვისს ეხება.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისივე თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელიც კერძო სექტორის და ქალაქის მთავრობის მომავალი, ერთობლივი თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პრეცედენტი იქნება.
„ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ გადაღებონ მანქანები თეთრ ფერად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება. ამას განახორციელებს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ექნება ინტერესი, რომ ტაქსებზე განათავსოს საკუთარი რეკლამა. ეს არის კერძო სექტორის და თვითმმართველობის ერთობლივი პროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე უახლოეს მომავალში მივიღებთ ამის შედეგებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი კერძო სექტორისთვის არამომგებიანია.
„შესაბამისი პროცედურების გავლით, გამოცხადდება კონკურსი. დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორიდან იქნება ინტერესი და ერთი წლის განმავლობაში გვექნება და გვეყოლება ერთი მხრივ, იდეალურად მოწესრიგებული ტაქსები და რაც უმნიშვნელოვანესია, მგზავრებისთვის ეს სერვისი იქნება უსაფრთხო და კომფორტული. ამ მოდელით მივიღებთ წარმატებულ რეფორმას“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მერის ინიციატივას ეფექტიანი, სწორი, რეალური და განხორციელებადი უწოდა, რომელიც მომავალში კერძო სექტორსა და თბილისის თვითმმართველობას შორის წარმატებული თანამშრომლობა მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები