გიორგი ზვიადაძე: დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია, ეს ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის
მინდა ხაზგასმით ვთქვა, საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლს, ყველას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში განუცხადა, სადაც სასულიერო სემინარიის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
მისი თქმით, საქართველოს ეკლესია თავის აზრს არ შეცვლის არავითარ შემთხვევაში.
“ეს დამოკიდებულება რჩება შეუცვლელ დამოკიდებულებად. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფოს და ეკლესია დგას ქართული სახელმწიფოს გვერდით. ეკლესია არ საუბრობს ამას დაპირისპირებისა და ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. საპატრიარქო ჩვენი ხალხისადმი, სახელმწიფოსადმი დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ამბობს, რომ დაუშვებელია მარიხუანას კულტივაცია და რომ ეს ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.