იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის 20–მდე სოფლის მაცხოვრებლებს პროექტის “დანერგე მომავალი” ახალი ქვეკომპონენტი გააცნო

იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის 20–მდე სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის “დანერგე მომავალი” ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც “კენკროვანი კულტურების” განვითარებაზეა ორიენტირებული.
როგორც მან შეხვედრებზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია თითოეულმა გლეხმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები აითვისოს, გააშენოს ბაღები და ნახოს სარგებელი.
“მე მზად ვარ, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რას მოიცავს ეს პროექტი და რა სარგებელს ნახავენ ის კოოპერატივები თუ პირები, რომლებიც აღნიშნული პროექტით ისარგებლებენ. შეხვედრებზე უკვე გამოიკვეთა კენკროვანი ბაღების გაშენების მსურველები და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში აწარმოებენ. ვაპირებ ყველა დაინტერესებულ პირს, პირადად შევხვდე და სრული ინფორმაცია მივაწოდო მსგავსი პროგრამების შესახებ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას”, – აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.
ცნობისათვის, ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში “დანერგე მომავალი” ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – “კენკროვანი კულტურები” დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში დაფინანსდება; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, ასევე სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები