„ჩერნოვეცკის“ ფონდმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიება გამართა

პირველ ოქტომბერს „ჩერნოვეცკის“ ფონდმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რესტორან „ბასიანში“ სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყო. ფონდის ბენეფიციარების წინაშე ახალგაზრდა მომღერლები და მუსიკოსები წარსდგნენ, რომლებმაც ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა მოწვეული სტუმრებისთვის იმპროვიზირებული წარმოდგენა გამართეს. აღსაზრდელებმა სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირებიც უსახსოვრეს.
„ყველა ხანდაზმული ადამიანი, ოჯახური მდგომარების და პროფესიის განურჩევლად, იმსახურებს ღირსეულ სიბერეს. სამწუხაროდ, დასამალი არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მარტოობაში და სიღარიბეში ატარებენ. ჩვენი ფონდი ზრუნავს 500-ზე მეტ ხანდაზმულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე. ბევრი მათგანი საწოლსაა მიჯაჭვული და უმწეო მდგომარეობაში იმყოფება. ფონდის ექიმები და ექთნები ყოველდღიურად აკითხავენ მათ და უტარებენ გადაუდებელ სამედიცინო პროცედურებს. ხანდაზმული ადამიანები, აგრეთვე, ხშირად სტუმრობენ ფონდის დღის ცენტრსა და უფასო სასადილოს“,- განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა თბილ გარემოში. მას თან ახლდა აღფრთოვანებული ემოციები და ბევრი ღიმილი. შეხვედრის დასასრულს ყველა ბენეფიციარს საჩუქრები გადაეცა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები