კანადაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

 ტორონტოს მელ ლასტმანის სახელობის სკვერში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ – კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ტორონტოს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ შაოშვილი. მან ახლად დაარსებული ორგანიზაციის იმ მიზნებზე ისაუბრა, რომლის ირგვლივაც ქართველი ქალები გაერთიანდნენ და აღნიშნა, რომ კარგი დასაწყისი წარმატების წინაპირობაა.
„სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ კანადაში ახალჩამოსულ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც ხელს შევუწყობთ კანადურ საზოგადოებაში ინტეგრირებაში, რომ მიაღწიონ იმას, რაზეც ოცნებობდნენ. მხოლოდ ასე ერთად დგომით და ერთმანეთის დახმარებით გავაძლიერებთ ქართულ სათვისტომოს“, – განაცხადა თამარ შაოშვილმა.
კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა საქართველოზე, მის უძველეს ისტორიაზე, პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000- წლოვან ტრადიციაზე. მან ასევე გაიხსენა 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რამდენიმე თემატური ფოტოგამოფენა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, „ქართული ტრადიციული სამოსი“, „50 ქალი საქართველოდან“ და „საქართველო – ღვინის აკვანი“. ასევე გამოიფინა ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ხევსურული ქუდები, წინდები, ფარდაგები, მინიატურული ურმები და ქვევრები, ყანწები, საქართველოს ამსახველი ფოტოები, ფესტივალის სტუმრებს დაურიგდათ ბუკლეტები საქართველოს შესახებ.
ფესტივალზე სამოდელო სახლ „ფესვედის“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც ვანკუვერში მცხოვრები ქართველი დიზაინერების – მარიტა მამუჩაშვილის და კახა ბერის კოლექცია „კრიპტოგრამა” იყო წარმოდგენილი. სამოსი ძველი ქართული სიმბოლიკისა და ასომთავრული ანბანის თემაზეა შექმნილი, რომელიც შესრულების სხვადასხვა ტექნიკით აისახა კოსტიუმებზე.
ტორონტოში არსებული საჭიდაო კლუბის ქართველმა ბავშვებმა, შეკრებილებს ქართული ჭიდაობის ილეთები გააცნეს და იმიტირებული ორთაბრძოლა გამართეს. ხოლო ტორონტოს პოპულარული რესტორანი „სულიკო“ სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.
ფესტივალი ტორონტოს ქართველ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის Georgian women’s Action Group-ის ინიციატივითა და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ხელშეწყობით ჩატარდა.
თეა თოდუა, ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი: „სამშობლოს განცდა განსაკუთრებით მძაფრდება, როდესაც მისგან შორსა ხარ და როცა გინდა,  უცხოელ მეგობრებს მოუთხრო, რომ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნიდან ხარ. საქართველოს კულტურა რომ უნიკალურია, ეს ფესტივალიც ამის დასტურია. მინდა ორგანიზაციის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო  კანადაში საქართველოს ელჩს, ბატონ კონსტანტინე ქავთარაძეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ასევე, რესტორან „სულიკოს“ და ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა, რომ ეს ღონისძიება წარმატებით ჩატარებულიყო.
ღონისძიების დასასრულ, ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კანადელმა და ტორონტოში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსებმა: „დარბაზი“, „ალილო“, „მაჭარი“, ტრიო „ზარი“, „გაბოს ტრიო“, რომლებმაც ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
კლასიკური ნაწარმოებებით წარდგნენ ტორონტოში მცხოვრები მომღერალი უჩა აბულაძე და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ამერიკიდან ჩამოსული ქართველი პიანისტი მერაბ ებრალიძე. ცნობილი ქართული კინოფილმებიდან სიმღერების პოპური პიანისტმა ნანა ქვრივიშვილმა შეასრულა.
კონცერტის დასასრულ, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური ჯილდოები გადასცა ანსამბლ „დარბაზის“ დამფუძნებელს, ალან გასერს და ამჟამინდელ ხელმძღვანელს, რეიმონდ კინოშიტას. კანადელმა მუსიკოსმა, მომღერალმა და პედაგოგმა ალან გასერმა 1993 წელს დააარსა პირველი ქართული ტრიო „კავკასია”, ხოლო 1995 წელს მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი „დარბაზი”. ალან გასერი ხშირად მოგზაურობს საქართველოში და მონაწილეობს ქართული მუსიკალური პოლიფონიის ყოველწლიურ საერთაშორისო სიმპოზიუმებში.
ელჩმა ასევე დააჯილდოვა ტორონტოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი და მომღერალი შალვა (ბაჩი) მახარაშვილი და მისი ოჯახის წევრები. შალვა (ბაჩი) მახარაშვილი და მისი მეუღლე – მომღერალი, პედაგოგი და მუსიკათმცოდნე ანდრეა კუზმიჩი ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას და კანადელებს ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებს. ფასდაუდებელია მათი წვლილი ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციაში.
ელჩმა სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცა კონცერტში მონაწილე ყველა ჯგუფს, მათ წევრებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს. პროფესიით ჟურნალისტი მომღერალი დიანა ირემაშვილი დასთან ერთად ხშირად მართავს კონცერტებს, რათა გააცნოს კანადელებს ქართული მუსიკა. მან ასევე ჩამოაყალიბა ოჯახური გუნდი „ალილო”, რომლის წევრებიც მისი მეუღლე და შვილები არიან. 2017 წელს კი საქართველოს დიასპორის სამინისტრომ გუნდი „ალილო” დააჯილდოვა, როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე საუკეთესო ოჯახური გუნდი.
როგორც კონსტანტინე ქავთარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საელჩო კანადაში ყოველთვის მონაწილეობდა ასეთ ღონისძიებებში, ეხმარებოდა ქართველებს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.
„საელჩო ყოველთვის მხარს უჭერს ასეთ ღონისძიებებს იმიტომ, რომ ქართული საღამო, ქართული მუსიკა, გამოფენა საქართველოს შესახებ, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი, რომლებიც დღეს აქ იყიდება, არ არის მხოლოდ ფესტივალის შემადგენელი ნაწილი. ეს არის, პირველ რიგში, ქართული კულტურის წარდგენა კანადაში კანადელებისთვის, იმიტომ, რომ აქ ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ საქართველოს. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არ არსებობს უფრო დიდი და მძლავრი ყინულმჭრელი, ვიდრე კულტურაა, რომელიც გზას უკვალავს პილიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.
არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი,  კულტურის ასეთ ღონისძიებებზე კანადაში მცხოვრები ქართველები იკრიბებიან ერთად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ემიგრანტი ქართველები ერთად დგანან და ერთობლივი ძალისხმევით აცნობენ კანადელებს საქართველოს.
მიხარია, რომ ამ საღამოს ინიციატორი ტორონტოში დაფუძნებული ქართველ ქალთა ჯგუფია და მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება“, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები