გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს პარლამენტში სტაჟირების დაწყება მიულოცა
პარლამენტის აპარატში სტაჟირების ახალი ეტაპი იწყება. გასაუბრების შედეგად შერჩეულ 28 ახალგაზრდას და GIPA-ს 12 სტუდენტს, რომლებმაც სტაჟირების სასწავლო პროცესის ხუთკვირიან პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს, პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე მიესალმა და სტაჟირების პროცესის დაწყება მიულოცა.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებთან სტაჟირების განახლებული მოდელის ეტაპებზე და თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თქვენ განახლებული ფორმატის სტაჟირებაში გიწევთ მონაწილეობის მიღება. აქამდე მოქმედი სამთვიანი სტაჟირება არ მოიცავდა სასწავლო ელემენტს და მიზნობრივ და კონკრეტულ პოზიციაზე ორიენტირებული არ იყო. პარლამენტის თავმჯდომარესთან წარვადგინეთ კონკრეტული წინადადებები, რათა გაგვეუმჯობესებინა და უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა სტაჟირების პროცესი, რადგან ჩავთვალეთ, რომ სამი თვე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა და ის უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ, რაც პარლამენტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სტაჟირების პერიოდი ექვსთვიანი ვადით განისაზღვრა იმისთვის, რომ თქვენთვის კარგად იყოს აღქმული თუ რა არის პარლამენტი, რა ხდება პარლამენტში და ყოველდღიურ რეჟიმში როგორი ცხოვრება მიმდინარეობს იქ. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ხუთი კვირა გაგვეკეთებინა სასწავლო კომპონენტებისგან შემდგარი თემატიკისგან, რომელიც თეორიული ცოდნის გაღრმავებას და კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესწავლას ითვალისწინებს. ეს ეტაპი ასევე მოიცავს პრაქტიკულ ელემენტებს, როგორიცაა ბიუროს სხდომების მოსმენა და მისი ანალიზი, საკომიტეტო მოსმენებზე და პლენარულ სხდომებზე დასწრება და კონკრეტული საკითხების განხილვა. საკმაოდ ინტენსიური პროგრამა შეიქმნა – სტაჟიორებს შეხვედრები ექნებათ ყველა დეპარტამენტის და კომიტეტის – სულ 27 სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელთან, სადაც მოისმენენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ძირითად საქმიანობას ეწევიან ისინი, რა ფუნქციებს ახორციელებენ და რა როლი აკისრიათ საპარლამენტო ცხოვრებაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სამომავლოდ სტაჟირების პროცესის კიდევ გართულება იგეგმება, რაც თავის მხრივ, რამდენიმე ეტაპიან პროცესს მოიცავს.
„ნოემბრის ბოლოს გამოვაცხადებთ სტაჟირების ახალ კომპონენტს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაკომპლექტდება. კიდევ უფრო განახლებული ფორმატით, იანვრიდან დავიწყებთ ექვსვთვიან პროგრამას. სასწავლო პროცესის შემდეგ ჩვენ შემოგვაქვს ტესტები და ვინც ვერ გადალახავს ტესტებს ის ავტომატურად გამოეთიშება სტაჟირების პროცესს. შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ ყველა სტაჟიორს ეყოლება მენტორი ანუ უშუალო ხელმძღვანელი. გაწერილი იქნება ყოველდღიური პროგრამა და ყოველი 4 კვირის თავზე თვითოეული სტაჟიორი დაწერს ანგარიშს, რომელსაც მენტორი შეაფასებს. ტესტების მიხედვით მიღებული ქულები და პრაქტიკული სტაჟირების 20-კვირიანი შედეგები, კი დაჯამდება და საბოლოო ტესტზე დაიშვება ის, ვინც გარკვეულ ქულებს მიიღებს. ქულების შესაბამისად გაიცემა სამი კატეგორიის სერტიფიკატი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა სტაჟირების მსურველ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და განსაკუთრებით მიესალმა ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომლებმაც პარლამენტში სტაჟირების გავლის სურვილი რამდენჯერმე გამოხატეს და სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადები შემოიტანეს.
„მისასალმებელია, რომ რამოდენიმე თქვენთაგანმა პირველ ტურში ვერ მოიპოვა ადგილი გასაუბრების შედეგად, მაგრამ უკან არ დაიხია და მეორე ტურში სტაჟიორის სხვა ვაკანტურ პოზიციებზე შემოიტანა განაცხადი. ნაწილი ახალგაზრდების მცდელობა წარმატებული გამოდგა. მადლობა მინდა გადაუხადო ამ ადამიანებს, რადგან იმდენად დიდი მოტივაცია და სურვილი ჰქონდათ, რომ მეორედაც შემოიტანეს განაცხადები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.