ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით, რუსის ჯარმა საქართველო დატოვა, ხოლო სააკაშვილი მათ შემოუძღვა
„სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით, რუსეთის ჯარმა საქართველო დატოვა, ხოლო სააკაშვილი 2008 წელს უკან შემოუძღვა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია, მითუმეტეს არ დაიკარგებოდა 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ, ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ ყველაზე მეტად წინ წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ გადმოიტანონ და ჩვენ დაგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი იმაში, რომ რუსულმა ჯარმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, სააკაშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია, რომ დღეს ეს ხალხი ისევ ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ივანიშვილმა.