„ისევ ვხედავთ ქალაქის ქუჩებში მბოლავ ავტომანქანებს“, – რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად
ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განაცხადებით, ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამის შესახებ კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
„ტექდათვალიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს პროცესი სასიცოცხლოდ აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს, უნდა მივიდეს გარკვეულ ნიშნულამდე. ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს. ინსპექტირების ცენტრები აშენდა, შენდება და წლის ბოლოსთვის უკვე იქნება საკმარისი. პერსონალის მომზადებაც ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტირების თანამედროვე ცენტრები იყოს ქვეყანაში და ამ მიმართულებით წინ ვართ წასულები.
თავიდან, როგორც ჩანს სახელმწიფომ აქცენტი უფრო უსაფრთხოებაზე გააკეთა, გარემოზე ზემოქმედების კუთხით დიდი მოთხოვნები ჩადებული არ იყო. და რა ხდება დღეს?! – ისევ ვხედავთ ქალაქის ქუჩებში მბოლავ ავტომანქანებს, განსაკუთებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ლეგიტიმურ აღშფოთებას იწვევს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტს გავლილი აქვს ინსპექტირება და მაინც ბოლავენ. ფაქტია, რომ რაღაც პრობლემაა. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ინსპექტირების ცენტრებიდან ვიცით, ცენტრის შესვლის დროს ისინი ასხამენ მაღალი ხარისხის საწვავს და მეორე, იყენებენ რაღაც დანამატს, რომ იმ მომენტში გაიარონ შემოწმება. მთავარი პრობლემა, რაც დადგა ამ პროცესში არის ის, რომ კატალიზური გარდამქმნელები არ აქვს ასეთ მანქანებს“, – განაცხადა კვაშილავამ.
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი იწყება.
ტექშემოწმებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.
ცნობისთვის, პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები ექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა) 2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. 1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. 1-ელი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. 1-ელი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.
თამუნა შეყილაძე