„დაახლოებით 10 000-მა ტაქსმა გაიარა რეგისტრაცია, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, ამ სფეროს მართლაც სჭირდება რეგულირება“

ამ დროისთვის, როგორც ვიცი, დაახლოებით 10 000-მა ტაქსმა გაიარა რეგისტრაცია, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, ამ სფეროს მართლაც სჭირდება რეგულირება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვაშილავა ტაქსების რეგულაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს მგზავრის უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხი გაიზარდოს.
„ყველა თანახმაა , რომ ტაქსების რეფორმა საჭიროა, საზოგადოებაც მიესალმება ამ რეფორმას. მინდა აღვნიშნო, რომ უნდა გაიზარდოს მგზავრის უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხი. რეფორმის პირველი ეტაპი რეგისტრაცია იყო. ბუნებრივია, უნდა გვქონდეს მონაცემები, თუ რამდენი ტაქსია ქალაქში, რამდენი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული. როგორც ვიცი, დაახლოებით10 000-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამ სფეროს მართლაც სჭირდება რეგულირება. რაც შეეხება ფასებს, მომსახურების ხარისხს, აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მარტო ფერზე, მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები: ავტომანქანის გამართულობა, მძღოლის კომპეტენცია, სისუფთავე, ქალაქის ცოდნა და ა.შ.
მძღოლს უნდა ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება, კომპეტენცია, ნასამართლეობა, მისი ჯანმრთელობა უნდა შემოწმდეს, ქალაქი კარგად უნდა იცოდეს, უნდა ჰქონდეს გარკვეული ტრენინგი გავლილი იმის შესახებ, თუ როგორ მოემსახუროს მოქალაქეებს. ავტომანქანის გამართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ავტომობილების დიდი რაოდენობა მოძველებულია, ტაქსი ბევრ კილომეტრს გადის და ბუნებრივია, უსაფრთხოებასთან ერთად დგას გარემოს დაბინძურების საკითხი, უნდა მოხდეს ჰიბრიდული, ელექტროტაქსების წახალისება. შეიძლება, მძღოლებს მერია დაეხმაროს იმ კუთხითაც , რომ კატალიზატორების განვადების პროგრამაში ჩართოს“, – განაცხადა კვაშილავამ.
დღეიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიითაა ნებადართული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, 200 ლარით დაჯარიმდება.
ტაქსების რეგულაციის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ის ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები