გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია უახლესი აპარატურის მეშვეობით ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირება უახლესი კვლევის მეთოდებით. კერძოდ, სააკრედიტაციო ნუსხას დაემატა შემდეგი კვლევები: Leishmania infantum–ის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმომჩენი არაპირდაპირი ფერმენტულ იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA); ძუძუმწოვარ ცხოველებში ლეპტოსპირას საწინააღმდეგო ანტისხეულების ხარისხობრივი განსაზღვრა (ELISA) მეთოდით; ძაღლის ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა (IgG) ძაღლის სისხლის შრატსა და პლაზმაში. ახალი კვლევის მეთოდები აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.
მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე – 1501.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები