თბილისში ახალი კამპანია – „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო

თბილისში ახალი კამპანია – „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო, რომელიც მოზარდებისთვის კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. კამპანია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით იმართება, რომლის მხარდამჭერი თბილისის მერიაა, ორგანიზატორები კი ორგანიზაცია ა(ა)იპ -„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და კომპანია „თამაშობანა“.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ეზოში მეგობრებთან თამაშით გატარებული საათები მოზარდების ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის ფასდაუდებელია. მისივე თქმით, მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა შესაძლებელია მათი სოციალიზაციის ისეთი მარტივი და ბუნებრივი გზით, როგორიცაა ეზოში თამაშები.

„ეზოს თამაშები თაობებისთვის კომუნიკაციისა და ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა იყო, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა დისციპლინას, უწრთობდა ნებისყოფას, უყალიბებდა სიმტკიცესა და უვითარებდა დაბრკოლებების გადალახვის უნარს, ავარჯიშებდა და ახალისებდა მათ,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამ ეტაპზე, ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება და მას ყველასთვის კარგად ცნობილი სახეები წაიყვანენ. ასევე, მოეწყობა ძველი თბილისური ეზოების ამსახველი ფოტოგამოფენა. პროექტში მონაწილეობას 200-ზე მეტი 6-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდი მიიღებს, რომელთაც მადლობის სიგელები და მედლები გადაეცემათ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები