სტუ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სამდღიანი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინფორმაციული საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები” გაიხსნა. როგორც „კვირას“ საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება სტუ-ის იუნესკოს კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოების“ დაარსების 15 წლისთავს ეძღვნება. სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობას იღებენ 13 ქვეყნის 20-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები, მათ შორის: ბრინ მარის (აშშ), ჰუმბოლდტის (გერმანია), ვილდაუს (გერმანია), მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემია (საფრანგეთი), გრანადის (ესპანეთი), ბერნის (შვეიცარია), პრაღის კარლოვის (ჩეხეთი), შანხაის (ჩინეთი), ლომონოსოვის (რუსეთი), ბირთვულ კვლევათა (რუსეთი) და დებრეცენის (უნგრეთი) უნივერსიტეტებიდან.

სტუ-ის გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში შეკრებილ მეცნიერებსა და მკვლევარებს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა, როგორც კონფერენციის მნიშვნელობასა და მასში სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ჩართულობაზე, ასევე, იმ ღვაწლზე, რომელიც აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს სტუ-ში იუნესკოს კათედრის დაარსებისა და ხელმძღვანელობის საქმეში მიუძღვის.

„მადლობას ვუხდით იუნესკოს, რომელმაც 15 წლის წინ გადაწყვიტა, დაეარსებინა კათედრა ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. მეტიც, იუნესკომ გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა ამ კათედრის არსებობა. ლომის წილი ამ მნიშვნელოვან საქმეში იუნესკოს მრჩეველს, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძეს მიუძღვის. ფაკულტეტი ჩართულია არაერთ ულტრათანამედროვე საერთაშორისო პროექტში და სერიოზულ საერთაშორისო კოლაბორაციაშია ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა სტენფორდი, იმპერიალ კოლეჯი, ტოკიოს, ლოზანისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტები და სხვ.

დღეს თამამად ვსაუბრობთ ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობასა და წარმატებებზე, IT-ტექნოლოგიებში ისეთ უმსხვილეს ორგანიზაციებთან, როგორიცაა CERN-ი, NASA, იაპონიის KEK-ი და JPARC-ი. დღეს, სტუ ამ მსხვილი კორპორაციების მუდმივ პარტნიორად ითვლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2019 წელს, საქართველოში, სტუ-ის ბაზაზე, პირველი უმსხვილესი Data-ცენტრი შეიქმნება. ყველა ამ მიღწევის სათავეებთან სწორედ იუნესკოს კათედრის შექმნა დგას.

მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროცესზე, რასაც ამ კონფერენციის ფარგლებში აუცილებლად შევეხებით – წმინდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში აქტიურად იჭრება ხელოვნება და კრეატიული აზროვნება, ხოლო ინფორმაციული საზოგადოება სულ უფრო მეტად ინაცვლებს წინა პლანზე, ის აქტიურადაა ჩართული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში. დღეს, STEM-მიმართულება (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) თითქმის მოძველებულია და მის ადგილს იკავებს STEAM – ემატება A-არტი. აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განვითარება შემოქმედებითი აზროვნების გარეშე. ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანიც სწორედ ეს არის – IT-ტექნოლოგიები კრეატიული მიმართულებით განვავითაროთ“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

როგორც იუნესკოს მრჩეველმა, აკადემიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, იზრდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველეს ყოვლისა, იუნესკოს როლი, რომელსაც უნარი შესწევს, მოახდინოს რამდენიმე ახალი მასშტაბური პროექტის ინიცირება ან ახალი მიმართულებების დამატება უკვე მოქმედ პროგრამებში.

„ახალი პროგრამები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ თაობის ადამიანებზე, რომლებსაც 21-ე საუკუნეში მოუწევთ ცხოვრება. დღეს ახალგაზრდები შესანიშნავად არიან ჩაწერილნი ინფორმაციულ საზოგადოებაში, თუმცა რიგი მიზეზების გამო, დაკარგეს მნიშვნელოვანი ცივილიზაციური ფასეულობები. ამის შედეგად, არა მარტო წყდება კულტურულ-ისტორიული კავშირი თაობებს შორის, არამედ ქვეითდება უკვე არსებული და მომავალი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტილებების პოვნის შესაძლებლობები. ახალი პროგრამების რეალიზება დაგვეხმარება ნეგატიური ტენდენციების გარდატეხაში, შეიტანს წვლილს საერთო სიტუაციის გაუმჯობესებაში, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისე ცალკეულ ქვეყნებში. ჩვენს ფორუმს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურების წარმომადგენლები ესწრებიან. მათ ყველას აერთიანებს როგორც განათლების ხარისხის ამაღლების, ასევე, უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, კულტურათშორისი კავშირების გაუმჯობესების სურვილი“, – აღნიშნა გოჩა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები