ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები მოწესრიგდება

თბილისის მერია ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოებს ეხმაურება. მათი ცნობით, აღნიშნული სამუშაოები, საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოებს, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება. ეს შეეხება დაახლოებით ათამდე ამონაყარ ხე-მცენარეს. სამუშაოების შედეგად, ბაგების აღმართზე არსებული სკვერი მოწესრიგდება და ფეხით მოსიარულეებსა და ველოსპორტის მოყვარულებს ჭავჭავაძის გამზირიდან საფეხმავლო ბილიკის გამოყენება უწყვეტად შეეძლებათ. ამასთან, მიმდებარე გზაგამყოფებში უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა და შემოდგომაზე დაირგვება ათეულობით ახალი ხე-მცენარე, დეკორატიული გაფორმებით.
აღსანიშნავია, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში, მიტოვებული და მოუწესრიგებელი იყო. საფეხმავლო ბილიკისა და სკვერის მოწყობა კი აღნიშნული უბნის რეკრეაციულ მიმზიდველობას აამაღლებს. დედაქალაქის მასშტაბით, ბევრი ადგილია, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, როგორც სხვადასხვა ობიექტებით, რომლის აღებასაც ვგეგმავთ, ასევე, უკვე გზაზე გადმოსული ამონაყარი ხე-მცენარეებით, რომლებსაც ეტაპობრივად აუცილებლად მოვაწესრიგებთ. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტერიტორია რეაბილიტირდეს და თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, როგორც ავტომანქანების, ასევე, ფეხით მოსიარულეებისთვის. “,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეუშალონ ხელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები