ჰაკერებმა Facebook-ის 50 მილიონზე მეტი ანგარიში გატეხეს – თავდასხმამ საქართველომდეც მოაღწია
უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა, Facebook-მა აღიარა, რომ უცნობმა ჰაკერმა ან ჰაკერთა ჯგუფმა, ე.წ. zero-day სისუსტის გამოყენებით, 50 მილიონზე მეტ ანგარიშზე წვდომა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ქართველ მომხმარებლებსაც შეეხო.
დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში Facebook-მა განმარტა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ 3 დღის წინ, 25 სექტემბერს შეიტყვეს, თუმცა ისინი ინციდენტს ამ წუთამდე იძიებენ.
“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და გვსურს, ყველამ იცოდეს, რაც მოხდა. ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები ხალხის უსაფრთხოების დასაცავად.”- აცხადებენ კომპანიაში.
სისტემური ხარვეზი, რომელიც Facebook-მა უკვე გამოასწორა, ეხებოდა ე.წ. View As ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, ვიხილოთ, თუ როგორ ხედავენ ჩვენს გვერდს ქსელის სხვა მომხმარებლები მაშინ, როდესაც ჩვენს პროფილს სტუმრობენ.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ხარვეზმა საშუალება მისცა კიბერკრიმინალებს, ხელში ჩაეგდოთ საიდუმლო წვდომის სიმბოლოები, რომლებიც, თავის მხრივ, გახლავთ ეკვივალენტი ციფრული გასაღებისა, რომელიც ქსელში შესვლას უზრუნველყოფს.

ზიანის, შეძლებისდაგვარად, თავიდან ასაცილებლად კომპანიამ უკვე გადატვირთა 50 მილიონი დაზიანებული ანგარიშის წვდომის სიმბოლოები და დამატებით, პრევენციის მიზნით, კიდევ 40 მილიონის.
“შედეგად, დაახლოებით, 90 მილიონ ადამიანს მოუწია, თავიდან შესულიყო საკუთარ ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც ისინი სისტემაში ხელახლა შევიდნენ, თავიანთი სიახლეების ველში ინციდენტის შესახებ შეტყობინება დახვდათ.”- აღნიშნავენ Facebook-ში.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა ზიანი მიაყენეს თავდამსხმელებმა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მომხმარებლებს და რა ინფორმაცია მოიპარეს.