საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას ერთობლივი პეტიციით მიმართა

საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ, საბერძნეთის ხელისუფლების სამივე შტოს (საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი), პირველად მიმართა ერთობლივი პეტიციით.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ქართული ემიგრაციის მიერ პირველი პეტიციის შემუშავება 2018 წლის აგვისტოში, ქართული დიასპორის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

პეტიციაში ყურადღება გამახვილდა საბერძნეთსა და საქართველოს შორის საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფო და ხალხათაშორის დონეზე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ქართული ემიგრაციის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საბერძნეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება.

„წლების განმავლობაში, საბერძნეთი ჩამოყალიბდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად. საბერძნეთი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში და რეალური წვლილი შეაქვს ქართული შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში” – აღნიშნულია მიმართვაში.

პეტიციაში ასევე საუბარია იმ მეგობრულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის ხელისუფლების და ბერძნული საზოგადოების მხრიდან გრძნობენ, რის შედეგადაც მრავალი ქართველი, ბერძნული საზოგადოების ნაწილი გახდა და საშუალება მიეცა წვლილი შეიტანოს საბერძნეთის განვითარებაში.
მიმართვაში, ქართველი ემიგრანტებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძნონ მოღვაწეობა ბერძნულ საზოგადოებაში, რათა გაიზარდოს ქართული ემიგრაციის წვლილი ბერძნული სახელმწიფოს განვითარებაში. ასევე გამოითქვა სურვილი, რომ ქართველმა ემიგრაციამ კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს საბერძნეთის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნებს შემდგომ ურთიერთდაახლოებაში. აღნიშნული დამატებით იმპულსს მისცემს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობესის გაღრმავებას.
„აღნიშნული მიმართვის შემუშავებით, საბერძნეთში ქართულმა დიასპორამ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ემიგრაციული რესურსის კონსოლიდაციისა და საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებებით”, – განაცხადა საგარეოს საქმეთა
სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმართვის ავტორია საბერძნეთში მოქმედი 37 ქართული დიასპორული ორგანიზაცია და სუბიექტი, რაც ადასტურებს საბერძნეთის ქართული ემიგრაციის მტკიცე სურვილს, ერთობლივი წვლილი შეიტანოს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები